Baby Bag

„პედაგოგის მთავარი მისიაა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება“ - მასწავლებელმა, რომელიც 52 წელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლის, პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

„პედაგოგის მთავარი მისიაა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება“ - მასწავლებელმა, რომელიც 52 წელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლის, პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ნათელა (სვეტა) ფანგანი 52 წელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლის, მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„მოწოდებით უნდა იყო მასწავლებელი, უნდა გიყვარდეს ბავშვი, უნდა გიყვარდეს ადამიანი, ეს არის ყველაფრის საწყისი. ბავშვი რომ გადის სკოლიდან, მარტო ცოდნა კი არ მიაქვს, არამედ აქ ყალიბდება როგორც პიროვნება. ამ პროცესში პედაგოგს დიდი წვლილი აქვს. კარგმა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქოლოგია, მისი ოჯახური მდგომარეობა. პედაგოგის მთავარი მისიაა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება. რთულია პროფესიიდან გასვლა, იმიტომ რომ ჩემთვის სკოლა არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის შემოთავაზებული ჯილდო პირადად ჩემთვის არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ უფრო მეტად მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაა ჩემი ქვეყნისაგან.“

წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ

„თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:

„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად