Baby Bag

საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის - ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის - ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსები – ჟურნალი „მასწავლებლი “ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის,  - ინფორმაციას მასწავლებელის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი და ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

წლევანდელი კონკურსის თემაა:

ძილში კი სიზმრებად
მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.“

ირაკლი კაკაბაძე

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან შეირჩევა სამი გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური განიხილავს მხოლოდ იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება.

კონკურსის სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება 30 სექტემბერს საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი და ასევე ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისაგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს!

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა

ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგი ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის სკოლის მასწავლებელი იამზე ფანცულაია გახდა, ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის პედაგოგს თეა ნონიკაშვილს ერგო.

თითოეულ გამარჯვებულს ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო - ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი, პლანშეტური კომპიუტერები და პროექტორი გადაეცათ. გამარჯვებულებს პრიზები გადასცა გამომცემლობა „დიოგენემ“, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ორგანიზაცია „ეკოვიჟენმა“, National geographic-მა და თბილისის ზოოპარკმა.

ცენტრმა გამოავლინა „დამსახურებული მასწავლებელიც“, რომელიც ქარელის რაიონის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის პედაგოგი ზინა კალმახელიძე გახდა.

თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შერჩეული იქნა საუკეთესო კანდიდატები. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

წაიკითხეთ სრულად