Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად