Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბატონი შალვა ამონაშვილი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ არ ეძებოთ სკოლა, ეძებეთ სკოლაში მასწავლებლები,“- ფსიქოლოგი სოფო მოსიაშვილი

ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ბავშვისთვის სკოლასთან ადაპტაციის გამარტივების შესახებ ისაუბრა და მასწავლებლებსა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„რამოდენიმე დღეში დაიწყება სკოლა. სკოლის შერჩევაზე რომ ვისაუბროთ, ვთქვათ, ახლა ვიღაც ეძებს სკოლას, არიან ასეთი მშობლები. ბატონი შალვა ამონაშვილი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ არ ეძებოთ სკოლა, ეძებეთ სკოლაში მასწავლებლები. გაიკითხეთ, როგორი პიროვნებაა. მთავარი უნდა იყოს, როგორ ადამიანად ჩამოგიყალიბებს შენს შვილს და არა გაძლიერებული მათემატიკა, ინგლისური და ა.შ.

პირველი და უმთავრესია, უპირობო სიყვარული. ეს ეხება მასწავლებელსაც და ეხება მშობელსაც. ძალიან ხშირად ავტორიტეტი უფრო მასწავლებელი ხდება ხოლმე, გააჩნია, როგორ მიდგომას იყენებს ის ბავშვთან. გვახსოვდეს, რომ ჩვენ წინ არა ბავშვი, არამედ ჩვენს შესაძლებლობებზე უფრო დიდი შესაძლებლოებების მქონე ადამიანი დგას. ასე მივიღოთ ბავშვი და არა, როგორც ის პატარა და მე დიდი. ყოველთვის თვალი-თვალში კონტაქტით ვესაუბროთ ბავშვს.

ბავშვს სკოლაში დავახვედროთ თბილი გარემო. ის უნდა გრძნობდეს, რომ სკოლაში იმისთვის კი არ მიდის, რომ დავალება მიიტანოს, არამედ მისი მისვლა უხარიათ. დღესასწაული უნდა იყოს ყველა გაკვეთილი მისთვის და არა ის, რომ შევიდა ბავშვი და მასწავლებელმა არ იცის, როგორ გაიყვანოს 45 წუთი. ამ შემთხვევასი მასწავლებელსაც გაუმარტივდება და მშობელსაც.

ხშირად მინახავს, როგორ ტირიან ბავშვები მეცადინეობის დროს, რომ ლამაზი ციფრები, ლამაზი ასოები გამოუვიდეთ. ამ ნაღვლიანი თვალებიდან უფრო რთული ჩანს ეს ყველაფერი. მან მეორე დღეს უნდა ჩააბაროს ეს ნაწვალები. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რა გზის გამოვლა უწევთ მშობელს და ბავშვს და როგორი სტრესის ქვეშ არიან, როდესაც ასეთ დავალებას მიიტანენ. რაღაც საერთო ენა უნდა გამონახონ მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბავშვებმა, შექმნან სამკუთხედი, იმეგობრონ, უყვარდეთ ერთმანეთი და ბავშვებსაც აუცილებლად შეუყვარდებათ სკოლა,“- აღნიშნულ საკითხზე სოფო მოსიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად