Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ ქრისტიანულ დებულებებს მივმართავთ, ნაკლებად დაგვჭირდება ძალადობა,“ - შალვა ამონაშვილი

„თუ ჩვენ ქრისტიანულ დებულებებს მივმართავთ, ნაკლებად დაგვჭირდება ძალადობა,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის სახარებისეულ საწყისებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კლასიკური პედაგოგიკა ახალი აღთქმის საფუძველზეა შექმნილი:

„მთელი კლასიკური პედაგოგიკა, მათ შორის იაკობ გოგებაშვილიც, ახალი აღთქმის საფუძველზე შეიქმნა. მართლმადიდებლური კულტურა აღზრდის ერთ-ერთი უძვირფასესი საფუძველია. არსებობს ტერმინი „ჰუმანური.“ სახარებაში ყველაფერია ჩადებული იმისთვის, რომ ჩვენ ჰუმანური პედაგოგიკა გამოვიყენოთ ბავშვებთან. ​არ გვჭირდება ჩვენ დასჯა, არ გვჭირდება მუქარები. ჩვენ გვჭირდება უმწიკვლო სიყვარული ბავშვის მიმართ. ახალი აღთქმა მოგვიწოდებს მოთმინებისკენ. მოვითმინოთ ბავშვის გადახრები, იმიტომ, რომ ის იზრდება. ჰუმანური აღზრდის ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის სულს უნდა ჩავწვდეთ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, წმინდა წერილი პედაგოგიკის საწყისია:

„წმინდა წერილი ჩემთვის პედაგოგიკის საწყისია. იქ არის ნათქვამი: მშობლებო, ნუ გააღიზიანებთ ბავშვებს. მამებს მიმართავენ, ნუ გააღიზიანებთ ბავშვსო. როდის ხდება დასჯა? როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია, განერვიულებულია, ჩვენც გავღიზიანდით. თუ ბავშვს არ გავაღიზიანებთ ხელოვნურად, არც დასჯა დაგვჭირდება. უნდა მოვნახოთ სიამტკბილობის გზა, დათმობების გზა. თუ ჩვენ ბავშვს უსამართლოდ დავსჯით, მაშინ ვინ არის უფრო დასასჯელი: ბავშვი თუ დიდი? ყოველგვარი გაღიზიანების დროს წყდება აღზრდის პროცესი. ​თუ ჩვენ ქრისტიანულ დებულებებს მივმართავთ, ნაკლებად დაგვჭირდება ძალადობა. გიყვართ ბავშვი ხომ? დაინახეთ მასში ღვთის ნაპერწკალი და ამ ნაპერწკალს ეცით პატივი.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, მშობელს შეუძლია მას დროებით გაებუტოს:

„გაბუტვა შეიძლება. ბავშვმა რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც მას არ აეკადრება.​ არ დავუყვირე, უბრალოდ შევწყვიტე ურთიერთობა, ნაწყენობა გავითამაშე. აღზრდა ხელოვნებაა. ბავშვს ვაგრძნობინებ ჩემს გულისტკივილს, ჩემს ნაწყენობას. მერე, რა თქმა უნდა, შევურიგდები და ისიც ბედნიერია, მეც. ამ ნაწყენობის პერიოდში ბავშვმა რაღაც განიცადა. ეს განცდა იყო აღზრდის პროცესი.“

„ქვეყანას უნდა მივცეთ აღზრდილი ადამიანი და მერე ნასწავლი. ეს დავიხსომოთ: ​სამშობლოს მოყვარული, მშობლების მოყვარული, ადამიანთა მოყვარული ადამიანი, მზრუნველი მომავალზე და ამას შევურწყათ ცოდნები. ახლა ბევრია მცოდნე, მაგრამ მხოლოდ მომხვეჭელი, თავის თავზე მზრუნველი. ასეთი აღზრდა ძალიან ძნელად შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქეობრივ აღზრდად,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“


წაიკითხეთ სრულად