Baby Bag

„ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან, არ ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში“

„ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან, არ ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში“

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, - ინფორმაციას ​ipn ავრცელებს.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

„როგორც იცით, არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. აქ არის გეგმა, ან არის ხელფასების მატება მომავალი 3 წლის განმავლობაში, ან არის შეთავაზება და შესაძლებლობა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, თუ მათ არ უნდათ სკოლაში დარჩენა, მათთვის 2-წლიანი ჯილდოს სახით საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. პროცესს, ალბათ, ის გააჯანსაღებს, რომ ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილები გახდებიან, ერთი მხრივ, ხელფასის მატებით, მეორე მხრივ, იმ დაფასებით, რაც სახელმწიფომ მათთვის გაიღო. ჯერ თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს სქემაში ცვლილებები, რისი პროექტიც მზად არის. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 6 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, შესაბამისად, მათი 2 წლის ანაზღაურება იქნება ჯილდოს სახით გაცემული. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონზე საუბარი, რისთვისაც მზად არის სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. მთავრობის განკარგულება მომზადდება რამდენიმე დღეში. გაცემა დაიწყება სასწავლო წლის დაწყებამდე. აგვისტო-სექტემბერში ვგეგმავთ ჯილდოს გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა. ცხადია, ამის შესაძლებლობა აქვთ 2019 წლის ბოლომდე“, - განაცხადა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებით დეტალური კვლევა ივლისში ჩატარდება.

„დღესდღეობით, მასწავლებელთა გამოცდებზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში, იმიტომ, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც იმ გამოთავისუფლებულ საათებს შეითავსებენ და ამითაც გაეზრდებათ ხელფასი. ამის დეტალურ კვლევას და ანალიზს ივლისში გავაკეთებთ, როდესაც გვეცოდინება რამდენია ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჯილდო უნდა, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც გამოცდაზე გადის“, - განუცხადა აბულაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ

პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ
  • პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არ უწყდებათ სკოლასთან დადებული ხელშეკრულება, თუ ამის სურვილს არ გამოხატავს თავად მასწავლებელი და არ გაფორმდება შეთანხმება სკოლასა და მასწავლებელს შორის.
  • პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს უფლება დაასრულოს 2019-2020 სასწავლო წელი, ასევე ისარგებლოს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით.
  • სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, დადგენილი წესით ანაწილებს საათებს, საჭიროების შემთხვევაში აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში, სკოლა ქმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის, ვინც ვერ მოასწრო ან გამოცდების აპელაციის შედეგების შემდგომ გადაწყვიტა ჯილდოზე რეგისტრაცია, ეს შესაძლებლობა ბოლოჯერ გაიხსნება 2019 წლის 19 დეკემბრიდან და გასტანს 31 დეკემბრამდე, ხოლო ჯილდოს გაცემა მოხდება 2020 წლის იანვრის ბოლოს.


აღნიშნული ინფორმაცია პედაგოგებს საჯარო სკოლებში აცნობეს.


წაიკითხეთ სრულად