Baby Bag

ინფორმაცია მასწავლებლებისა ან მასწავლებლობის მსურველებისთვის

ინფორმაცია მასწავლებლებისა ან მასწავლებლობის მსურველებისთვის
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან, დღეიდან შეუძლიათ მასწავლებლებს ან მასწავლებლობის მსურველებს.

დეტალური ინსტრუქცია:

  • აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის;
  • პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - "დაბეჭდეთ ბარათი".
  • მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
  • ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.


საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

2020-2021 სასწავლო წლიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამისთვის პედაგოგები გადამზადდებიან

2020-2021 სასწავლო წლიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამისთვის პედაგოგები გადამზადდებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Education“ ჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition“-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააანონსა, ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“ სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

„Minecraft Education Edition“ – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. „Minecraft Education Edition“ იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის დანერგვის პირველი ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს.

„ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომელებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყოველკვირეული ონლაინ ტრენინგები, ექსპერტებთან ერთად გეგმავენ სასწავლო აქტივობებს, რომლებსაც კლასებში საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ და შემდეგ თავიანთ გამოცდილებას პროექტში ჩართულ პედაგოგებს გაუზიარებენ.

პროექტის დანერგვის პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, სისტემაში იქნებიან გადამზადებული მასწავლებლები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ „Minecraft Education Edition“-ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მომზადდა სატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმნა ვიდეო-კურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენ ქოუჩები და ექსპერტები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition“-ის ეფექტიანად ინტეგრირებას,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად