Baby Bag

„ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება“ - ბათუმის N17 სკოლის მასწავლებლის სტატია

„ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება“ - ბათუმის N17 სკოლის მასწავლებლის სტატია

გთავაზობთ ბათუმის N17 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ბესარიონ ჯღარკავას სტატიას თემაზე „ტრანზიციის პროცესი, რომელიც სკოლიდან იწყება“.

სწავლის საფეხურიდან დასაქმებაზე გადასვლა (ტრანზიცია) ცხოვრების წესის ცვლილებას უკავშირდება. ის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი კრიტიკული და დინამიკური პროცესია. პასუხი კითხვაზე, როგორია ეს პროცესი ან რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია. ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლის ეტაპის დასრულება და შემდეგ ეტაპზე ტრანზიცია სასურველი მომავლის განჭვრეტას, ცხოვრების მიმართულების არჩევასა და ახალი როლის შეძენას უკავშირდება. მზადყოფნა ცხოვრების შემდეგი ეტაპის ანდა დასაქმებისთვის ადამიანში თანდათან ჩნდება და მისგან მოითხოვს საკუთარი მიღწევების შეჯამებასა და გადაფასებას, ინტერესების დაზუსტებასა და სურვილების ჩამოყალიბებას, მომავალი ცხოვრების დასაგეგმად სხვადასხვა შესაძლებლობის გაცნობას, აწონ-დაწონვას და, შესაბამისად, ინფორმირებულ და გაცნობიერებულ არჩევანს. ტრანზიციის პროცესი თანმიმდევრულ ეტაპებს მოიცავს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი მას და- 12თავი 2: პროფესიული ორიენტაციის, მომზადებისა და დასაქმების პროცესის ორგანიზება - ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა მოუკიდებლად, ხანდახან საკმაოდ სპონტანურად და, ერთი შეხედვით, შეუმჩნევლადაც კი გადის. თუმცა აღწერილი პროცესის უმტკივნეულოდ და წარმატებით გასავლელად შეიძლება აუცილებელი გახდეს როგორც სამოქმედო გეგმის შედგენა, ისე სხვათა მხარდაჭერა დასახული მიზნის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირთათვის – ვისთვისაც საზოგადოებაში სხვადასხვა საინტერესო გამოცდილების მიღების, საკუთარი თავისა და დასაქმების ადგილების გაცნობის შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში, ჯერჯერობით ისევ შეზღუდულია. არსებული მრავალი ბარიერის გამო, ტრანზიციის პროცესი წინასწარ გააზრებულ დაგეგმვას, საჭირო რესურსების მოძიებასა და გარემოს შესაბამის ორგანიზებას მოითხოვს.

ვისთვის იქმნება მომსახურება?
მომსახურების უშუალო ბენეფიციარი მოწყვლადი ჯგუფის( სსსმ და შშმ სოსწავლეებისათვის) წარმომადგენლები არიან, რომლებიც ზოგადად სიღარიბისა და სოციალური გარიყვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე პოპულაციის უმრავლესობა. ბენეფიციარებში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, შეზღუდული შესაძლებლობა, სამუშაო გამოცდილების არქონა ან ხანგრძლივი წყვეტა, საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენა და ა.შ. არის დაუსაქმებლობის/უმუშევრობისპოტენციური რისკის ქვეშ. ადამიანის ცხოვრებაში მუშაობა დაკავშირებულია ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლთან, რომელიც ხშირად ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ხდება. სამუშაოსთან დაკავშირებულია ადამიანის საზოგადოებრივი მდგომარეობა, კარიერა, პროფესიული ზრდის მოთხოვნილება, მატერიალური კეთილდღეობა და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა. შესაბამისად, შრომით საქმიანობაში ჩართვას ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ადამიანი დაკავებულია მისთვის საინტერესო საქმიანობით, იგი თავს კარგად გრძნობს, რაც პიროვნების ფსიქიკურ კეთილდღეობას განსაზღვრავს. თუმცა იმისათვის, რომ ადამიანი სასურველი საქმიანობით დაკავდეს, მნიშვნელოვანია მისი თვითგამორკვევის პროცესი. ამ პროცესში იგულისხმება სხვადასხვა საქმიანობის სფეროს გაცნობა, მოსინჯვა და ამის საფუძველზე სასურველი პროფესიისა თუსაქმიანობის არჩევა.გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება კი თავის მხრივ მუშაობისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებია,რომელიცადამიანსდამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვისსჭირდება.
იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს, მიიღოს პროფესიული განათლება, შემცირდეს არასწორად არჩეული პროფესიის გამო სწავლის მიტოვების შემთხვევები, სასურველია ეფექტიანად მიმდინარეობდეს პროფესიული კონსულტირების პროცესი. მნიშვნელოვანია, ბენეფიციარმა გააცნობიეროს საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები, საჭირო მომზადების დონე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სასურველ პროფესიაზე სწავლის ან დასაქმების შესახებ, რაც თავის მხრივ გულისხმობს, როგორც საბაზო უნარების განვითარებაზე ზრუნვას, ისე პროფესიულიორიენტაციის პროცესს.
ვინ შეიძლება განახორციელოსეს მომსახურება? 
მეთოდოლოგიისა და მასში აღწერილი მომსახურების განმახორციელებელი ღია შრომით ბაზარზე გარკვეული პროდუქციის მწარმოებელი ან მომხმარებლისათვის გარკვეული მომსახურების გამწევი ორგანიზაციაა. რადგან, ერთი მხრივ მეთოდოლოგია სრულად ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ინფორმაცია დასაქმების შესახებ და მუშაობისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება ბუნებრივ გარემოში, რეალური დასაქმების ადგილზე, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებთან მუშაობისყველაზე ეფექტიანი გზაა.და სწორედ ამიტომ, მეორე მხრივ, მეთოდოლოგიის მიზანია დამსაქმებელების და ბიზნეს სექტორის წახალისება იმი0პთვის, რომ საკუთარი გამოცდილებითა და კომპეტენცით წვლილი შეიტანონ ამ პროცესში. რადგან, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია:
1. საქმიანობის შესახებ ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად ნამდვილი/რეალური დასაქმების ადგილის მონახულება და საკუთარი თავის სამუშაო ამოცანებთან მიმართებით მოსინჯვა;
2. დამსაქმებლისათვის ნათელი წარმოდგენის შექმნა მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ;
3. სამუშაო უნარ-ჩვევების დაუფლება ბუნებრივ კონტექსტში გაცილებით უფრო ეფექტურია მოწყვლადი ჯგუფების წევრებისათვის, ვიდრე სიმულაციურ გარემოში;
4. დამსაქმებლისათვის მოსახერხებელია მისთვის სპეციფიკური, კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი უნარ-ჩვევების ადგილზე სწავლება;
5. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი შეძლებს მთავარი როლი შეასრულოს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის პროცესში, მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადაწყვეტილება სამუშაო ადგილისა თუ შემდგომი განათლებისა და მომზადების შესახებ;
6. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის უფრო მარტივი იქნება პირის სამსახურში აყვანა და შესაბამისი მხარდაჭერის ორგანიზება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში

არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.

აქ განვიხილავთ ერთ-ერთ მათგანს. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა დონეში.

ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად შემდეგი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ (იხ. ნახ 1: ბლუმის ტაქსონომია );

განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე:

ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას.

ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;

კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;

ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;

კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: 

ა) წესების და კანონების ცოდნა; 

ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; 

გ) კრიტერიუმების ცოდნა; 

დ) მეთოდების ცოდნა;

სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.

გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას.

კერძოდ,

ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა;

ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე;

ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა;

სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა;

შესაბამისი მაგალითის მოყვანა;

საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება და დაჯგუფება.

გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კერძოდ,

ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;

მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;

პროცედურის განხორციელება;

კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.

ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.

ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება

მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა.შ.

ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად ჰიპოთეზის წამოყენება;

კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;

შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;

პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;

პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;

ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.

შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს, არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა.შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას.

კერძოდ:

საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;

გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;

პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;

პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;

მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;

მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;

რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).

ამრიგად, პირობითად ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას კი აზროვნების ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი. ქვემოთ მოცემულია მაგალითები ყველა საგანში, თუ როგორ შეიძლება ერთი თემის ფარგლებში აზროვნების სხვადასხვა დონეების აქტივაცია.

ბუნებისმეტყველება

თემა: ცხოველების და ფრინველების მოძრაობა და მასთან დაკავშირებული თვისებები

მაგალითად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მასწავლებელს მიზნად აქვს დასახული, მოსწავლეებს აუხსნას ცხოველების და ფრინველების სამოძრაო საშუალებები და მათი თავისებურებები. ამ თემის განხილვა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა დონეზე. ქვემოთ დასახელებულია, თუ რას აკეთებს მოსწავლე ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზის, სინთეზის და შეფასების დონეზე.

ცოდნა->ამოიცნობს თათს და ფრთას;
გაგება->თათს და ფრთას მიაკუთვნებს სამოძრაო ორგანოებს;
გამოყენება->ამოკლებს შინაური ფრინველის ფრთებს, რათა დედალი არ გადაფრინდეს მეზობლის ეზოში;
ანალიზი->ადარებს ფრთისა და თათის ანატომიურ აგებულებას. გამოყოფს ანალოგიურ ნაწილებს;
სინთეზი-> ქმნის ფრთისა და თათის მოდელს;
შეფასება->გამოხატავს მოსაზრებას, თუ რა სფეროში შეიძლება გამოვიყენოთ ფრთისა და თათის აგებულების ანალოგიები.

სახვითი ხელოვნება

თემა: ცივი და თბილი ფერები

მაგალითად, სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს აუხსნას თბილი და ცივი ფერები და მათი თვისებები. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა->ამოიცნობს ცივ და თბილ ფერებს;
გაგება->ასახელებს ზამთრის და შემოდგომის პეიზაჟის გამოსახვისას რომელ ფერებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა;
გამოყენება->იყენებს ცივ და თბილ ფერებს შემოდგომის და ზამთრის პეიზაჟების შექმნისას;
ანალიზი->აანალიზებს რომელიმე ნიმუშს ფერთა გამის გამოყენების კუთხით;
სინთეზი->ისახავს ამოცანას (მაგ. რამე განწყობის გადმოცემა), გეგმავს როგორ გამოიყენებს ცივ და თბილ ფერებს ამ ამოცანის გადასაჭრელად და ქმნის ნამუშევარს;
შეფასება->აღწერს ნამუშევარს, მსჯელობს მასში გამოყენებულ ფერებზე, კომპოზიციაზე, შესრულების მანერაზე, გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას, და ცდილობს ჩამოაყალიბოს, რამ შეუქმნა ესა თუ ის განწყობა, მოჰყავს არგუმენტები.

მუსიკა

თემა: მუსიკალური საკრავები

მაგალითად, მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს შეასრულებინოს მუსიკალური საკრავების თემაზე სხვადასხვა დავალებები. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.
ცოდნა->ამოიცნობს მუსიკალურ საკრავებს ვიზუალურად;

გაგება->ასხვავებს საკრავების ჟღერადობას და მიაკუთვნებს საკრავებს სხვადასხვა ჯგუფებს;

გამოყენება->სანოტო ტექსტის მიხედვით სიმღერის შესწავლის დროს იყენებს მუსიკალურ საკრავს (ფორტეპიანოს);

ანალიზი->საორკესტრო მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას გამოყოფს სხვადასხვა საკრავის ტემბრს (სმენითი ანალიზი) და მსჯელობს მათ ფუნქციაზე;
სინთეზი ->ასრულებს მუსიკალურ საკრავზე სანოტო ტექსტს;

შეფასება->ადარებს ერთი ნაწარმოების სხვადასხვა ტემბრით შესრულების ვერსიას, განსაზღვრავს რომელია უმჯობესი და ასაბუთებს თავის არჩევანს.

ქართული ენა და ლიტერტურა

თემა: ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟისადმი

მასალა: გ. ლეონიძის მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“;

მაგალითად, ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის გ. ლეონიძის მოთხრობას „ნატვრის ხე“. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა->მოიძიებს ტექსტში ეპიზოდებს, რომლებშიც დიაკვანი ელეფთერის თვისებები და ხასიათია აღწერილი;

გაგება->გადმოსცემს საკუთარი სიტყვებით, როგორი ადამიანია დიაკვანი ელეფთერი;

გამოყენება->განსაზღვრავს, რა გრამატიკულ საშუალებებს იყენებს ავტორი მხატვრული ეპითეტების შესაქმნელად;

ანალიზი->ხსნის, რატომ დაეძებდა მუდმივად ელიოზი ხან ოქროსმდებელ ქათამს, ხან ნათელთევზას და ხანაც - ნატვრის ხეს;

სინთეზი->ადარებს ერთმანეთს დიაკვან ელეფთერსა და ელიოზს. გამოყოფს იმ თვისებებს, რომლებითაც ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ადგენს მისთვის იდეალური ადამიანის პორტრეტს;

შეფასება->აფასებს ელიოზის ცხოვრების წესს. ხსნის, რატომ ,,გაიმეტა“ ავტორმა იგი ასეთი სიკვდილისთვის? მოითხოვსპასუხის დასაბუთებას.

მათემატიკა

თემა: პენროუზის დაფარვა

მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს სიბრტყის დაფარვის ერთ-ერთ ხერხს - პენროუზის დაფარვას. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე იხ. ქვემოთ მოცემული ნახატი პენროუზის დაფარვა:

ცოდნა->ამოიცნობს მოცემული ოთხკუთხედებიდან რომელია ამოზნექილი;

გაგება->განმარტავს, რა ნიშნით არჩევს ერთმანეთისაგან ამოზნექილ და არაამოზნექილ ოთხკუთხედს;

გამოყენება->გამოითვლის BCD კუთხის გრადუსულ ზომას;

ანალიზი->ადგენს, ტოლია თუ არა სამკუთხედები ABC, ADC და EDC, თუ ცნობილია, რომ ABED ოთხკუთხედი რომბია (პასუხს ასაბუთებს);

სინთეზი->გამოთქვამს ჰიპოთეზას A, С და E წერტილების მდებარეობის შესახებ და ამტკიცებს ჰიპითეზის სამართლიანობას;

შეფასება->ამოწმებს, გამოდგება თუ არა ოთხკუთხედის ფორმის განსაზღვრისთვის ის კრიტერიუმი, რომელიც მართებულია სამკუთხედის შემთხვევაში.

უცხო ენა

თემა: ორი ბავშვის, ნანას და გურამის დახასიათება

მაგალითად, უცხო ენის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის დახასიათების გაკეთებას. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა->აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანის თვისებების გამომხატველ სისონიმებსა და ანტონიმს;

გაგება->თვისებათა ჩამონათვალიდან, ამოანჩევს ნანას მახასიათებლებს და გურამის მახასიათებლებს, ტექსტში არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

გამოყენება->ნიმუშის მიხედვით აგებს კონსტრუქციას: „ნანა გურამთან შედარებით უფრო ------”;

ანალიზი->ასწორებს თანაკლასელის ნამუშევარში ზედსართავი სახელის ბრუნვას (კუმშვა, კვეცა, ბრუნვის ნიშანი);

სინთეზი->წერს თანაკლასელის დახასიათებას;

შეფასება->ტექსტიდან გამომდინარე, აფასებს, ვინ უფრო გულკეთილი და ყურადღებიანია - ნანა თუ გურამი.

წყარო: www.nplg.gov.ge

წაიკითხეთ სრულად