Baby Bag

პირველადი მონაცემებით, მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის სურვილი 6 000-მა პედაგოგმა გამოთქვა

პირველადი მონაცემებით, მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის სურვილი 6 000-მა პედაგოგმა გამოთქვა

პირველადი მონაცემებით, მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის სურვილი 6 000-მა პედაგოგმა გამოთქვა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ საპენსიო ასაკის პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა.

„სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის განცხადების დაწერა არ მოგვითხოვია, რადგან ეს იყო პროცესი, ინიციატივა და უნდა გვენახა, რამდენად მოისურვებდნენ მასწავლებლები ამ შესაძლებლობებით სარგებლობას. სკოლებს ვთხოვეთ, მსჯელობა ყოფილიყო კათედრებზე ამის შესახებ და მოეგროვებინათ პირველადი ინფორმაცია მსურველი მასწავლებლების შესახებ. პირველადი მონაცემებით, 6 000 მასწავლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არის მსურველი, ჯილდოთი ისარგებლოს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება. ვადა არ დაგვიწესებია, ვთქვით, რომ მასწავლებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს სურვილი 2019 წლის ბოლომდე. ცხადია, იმის მიხედვით, როდის გამოხატავენ სურვილს, ეტაპობრივად მიიღებენ ჯილდოს. ვმუშაობთ მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შევა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში, სადაც მთავრობის მიერ ჩანაწერი დამტკიცდება. ეს იქნება უახლოეს მთავრობის სხდომაზე“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპის დაწყება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში იგეგმება:

„ვგეგმავთ, რომ ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპი დავიწყოთ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში და მეორე ეტაპი - წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა თანმხლებ დოკუმენტაციაზე, რაც საჭიროა ჯილდოს გაცემის ორგანიზებისთვის, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს, პირველი ეტაპის ინფორმაცია შეგროვებულია, დაგეგმილია ეტაპები, სამთავრობო განკარგულება გამოვა რამდენიმე დღეში და ტექნიკური პროცესი გაგრძელდება. გასავლელია ტექნიკური პროცესები, რაც არ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველი ეტაპის ჯილდოები გავცეთ იმ მასწავლებლებზე, პენსიონერ, ღირსეულ პედაგოგებზე, რომლებმაც გამოხატეს სურვილი“,  - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განათლების სამინისტროს შეთავაზებით, პენსიონერმა მასწავლებლებმა ან კომპეტენციის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ან ჯილდო მიიღონ ორი წლის ხელფასის ოდენობით და სკოლას დაემშვიდობონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ

„თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:

„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად