Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

ელეონორა (ელიკო) ქუთათელაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ სკოლაში შემოვედი. არ მქონდა დიდი ხნით დარჩენა გადაწყვეტილი, თუმცა შემოვდგი ფეხი თუ არა, ისე შემიყვარდნენ ჩემი მოსწავლეები, ისე მომეწონა ჩემი პროფესია, რომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ ამ სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე სკოლაში და ეს სიყვარული მაცოცხლებს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდასთან, ინტელექტუალურ ბავშვებთან.

კარგი მასწავლებელი ბავშვის მეგობარი უნდა იყოს. მათში მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააღვიძოს, რაც, საბოლოოდ, მათ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემამ დაფასებულად მაგრძნობინა თავი და პროფესიიდან გასვლა გამიადვილა,“ - აღნიშნა ელეონორა ქუთათელაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი მშობლები სკოლას არ უყვარს, შეიძლება თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ასეთი მშობლები სკოლას არ უყვარს, შეიძლება თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ სკოლასთან დამოკიდებულების მიხედვით მშობლის სამი ტიპის შესახებ ისაუბრა და მათი მახასიათებლები აღწერა:

„პირველ რიგში, შევეხოთ მშობლის გარკვეულ ტიპებს. კონტროლის მიხედვით ასე იყოფა: პირველი, ​მშობელი სრულად აკონტროლებს სკოლას, არ აკონტროლებს შვილს. მეორე ვარიანტია, რომ სრულად აკონტროლებს შვილს, არ აკონტროლებს სკოლას. მესამე ვარიანტია, რომ არც შვილს არ აკონტროლებს და არც სკოლას. ასეთ მშობელს ეხვეწებიან ხოლმე, იქნებ ნიშანი მაინც გაიგო და ჟურნალში ჩაიხედო. მშობელს მიშვებული აქვს ეს პროცესი.“

ზურაბ მხეიძის თქმით, მშობელი, რომელიც სკოლას აკონტროლებს, სასწავლო დაწესებულებაში არ უყვართ:

„თუ არის მშობელი, რომელიც სულ სკოლას აკონტროლებს, ყველაფერზე პრეტენზია აქვს: აგურზე, საპირფარეშოს სუნზე, თუ მისი შვილი არ სწავლობს ან ვერ სწავლობს, მთლიან პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის მხარეს. ასეთი მშობლები სკოლას თვითონ არ უყვარს ხოლმე. შეიძლება ხშირად ასეთ მშობელზე თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს...“

ზურაბ მხეიძემ აღნიშნა, რომ შვილის მუდმივი კონტროლი და სკოლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ბავშვს უსამართლობის განცდას უჩენს:

„მეორე მომენტი, როდესაც შვილს აკონტროლებს მუდმივად და სკოლა უკონტროლოდ რჩება მშობელს, შვილია დამნაშავე ყველაფერში. ასეთ შემთხვევაში ცუდ შედეგს ვღებულობთ ბავშვთან ურთიერთობაში, იმიტომ, რომ შეიძლება გავაჩინოთ არასამართლიანობის კომპონენტი. შეიძლება სკოლა იყოს არასწორი და მე მაინც ჩემს შვილთან ვარჩევდე ურთიერთობებს. ეს ბავშვზე იმოქმედებს.“

„კიდევ ერთი სიტუაციაა, რომლითაც სკოლა სარგებლობს.​ ბავშვები დღის დიდ ნაწილს ატარებენ სკოლაში. ზოგიერთ მშობელს განცდა რჩება, რომ ეს ბავშვები მძევლები არიან ვიღაცების ხელში. მშობლებმა იციან, რომ მათ მიერ სკოლის კრიტიკული შეფასება, შესაძლოა, აისახოს შემდეგ ომში ბავშვთან ურთიერთობაში. ამ მხრივ მე ვუფრთხილდები, რომ სკოლაში მასწავლებელი არ გაბრაზდეს, არ ეწყინოს, დირექტორს არ ეწყინოს,“ - აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად