ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქუთაისის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი ავრცელებს.
„გაიცანით ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში. შემდეგ მოშივდა. ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს. მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტრიება გააგრძელა. პატარა გიორგი კი მამიკოს დავუბრუნეთ,“ - წერს ეკატერინე როსტიაშვილი.