Baby Bag

მასწავლებლის 10 მცნება, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს

მასწავლებლის 10 მცნება, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს
გაბრიელა მისტრალი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი და ქალთა უფლებების დამცველი იყო. იგი 16 წლიდან პედაგოგად მუშაობდა, 1945 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.

გთავაზობთ გაბრიელა მისტრალის „მასწავლებლის 10 მცნებას“, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1. თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

3. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

4. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

5. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

6. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე, რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე და ნახე, სუფთაა თუ არა.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.

შეიძლება დაინტერესდეთ

წიგნები, რომელთა წაკითხვასაც თქვენი მოსწავლეები არდადეგების დროს მოასწრებენ

წიგნები, რომელთა წაკითხვასაც თქვენი მოსწავლეები არდადეგების დროს მოასწრებენ

თუ დასვენების დღეებზე წასაკითხი წიგნები ჯერ არ შეგირჩევიათ, ​Momsedu.ge გთავაზობთ სამ წიგნს, რომლის წაკითხვას მოსწავლეები არდადეგების პერიოდში მოასწრებენ. 

1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“

ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მის რომანს „დიდი გეტსბი“ - ამავე პერიოდის ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს. ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. 

იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... ამ ერთგულებასა და უანგარობას სწორედ საყვარელი ქალის სანაცვლოდ ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლსაც ვერ ეღირსება. 

ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი! „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ბევრ საფიქრალსაც უჩენს მკითხველს.


2. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. 

გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. 

დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.


3. უილიამ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“

1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი'' (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას'' ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. 

ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. 

„ბუზთა ბატონი'' გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარიჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.

წაიკითხეთ სრულად