Baby Bag

რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს

რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს

​მასწავლებლობის მსურველმა სკოლაში მუშაობის დასაწყებად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩასართავად გარკვეული აქტივობები უნდა განახორციელოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველმა პირველ რიგში, საგნის გამოცდა უნდა ჩააბაროს წარმატებით.

„მასწავლებლობის მსურველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს საგანის გამოცდა, 61%-იანი მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს. თუ მასწავლებლობის მსურველს დიპლომში პედაგოგი უწერია, მაშინ მას აღარ მოუწევს 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამის გავლა და ის უკვე ამ გამოცდით სერტიფიცირებული გახდება.

სკოლაში ვაკანსიას რომ მოიძიებს და დირექტორთან გაფორმდება ხელშეკრულება, დირექტორმა უნდა მოიწეროს მასწავლებლის სახლში წერილი, რომ ჩართონ პროფესიული განვითარების სქემაში, პედაგოგს ამ შემთხვევაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება და ამ სახით ჩაერთვება სქემაში. სტატუსის მინიჭებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

რაც შეეხება მათ, ვისაც დიპლომში პედაგოგი არ უწერია, საგნის გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, უნდა გაიარონ 60 - კრედიტიანი გადამზადების პროგრამა - შეისწავლონ ერთწლიანი პედაგოგიკის კურსი.

ამ კურსს რომ გაივლის მასწავლებლობის მსურველი და ცნობა ექნება, ჩაითვლება სერტიფიცირებულ პედაგოგად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთვება.

აღნიშნული ეტაპების გავლა უწევთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში დასაქმების მსურველებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოვლენის მიზნით, კონკურსებს აცხადებს

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოვლენის მიზნით, კონკურსებს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელთა გამოვლენის მიზნით, კონკურსებს აცხადებს. 
კონკურსების შედეგად გამოვლინდება:

• 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი;
• 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი;
• 2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

​კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით (ვიდეო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;
ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).
თ) სამომავლო განვითარების გეგმები - რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

კონკურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 23 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლითრეგისატრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: ​კონკურსზე რეგისტრაცია

აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოები (მაქსიმუმ 5წთ. ხანგრძლივობის, იმ ენაზე რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

წაიკითხეთ სრულად