Baby Bag

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

ნათელა ბუჟღულაშვილი 51 წელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ამიტომაც ეს ძალიან ახლობელი პროფესია იყო ჩემთვის. ბავშვობაშიც კი მასწავლებლობანას ვთამაშობდი.

სკოლა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ბედნიერი ვიყავი ამ საქმის კეთებით და 51 წელი სიხარულით ვემსახურე. თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე მომავალი თაობების წინაშე და ყველაფერი უნდა სცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მიუხედავად ხანგრძლივი მუშაობისა, სისტემატურად უნდა ზრუნავდე პროფესიული დონის ამაღლებაზე, სიახლეების მოძიებასა და საკლასო ოთახში დანერგვაზე. სულ იმის მცდელობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარი თავი პროფესიულად განავითარო და სიახლეებს ფეხი აუწყო.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან გამახარა. მხცოვან მასწავლებლებს ამ ჟესტით გვითხრეს, რომ ტყუილად არ გვიშრომია. მადლიერება ამ განვლილი წლებისთვის ამ ფორმით გამოიხატა.

გადაწყვეტილება, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ეხება, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი თაობის შემოსვლას გულისხმობს, რასაც მივესალმები. მათაც უნდა შეიძინონ გამოცდილება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მათგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვსწავლობდი.“


შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა

მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადად განისაზღვრა 2 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

ბრძანების თანახმად, სკოლებმა აღნიშნულ ვადაში მასწავლებლის შედეგებისა და მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები უნდა განათავსონ მხოლოდ:

ა) პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;

ბ) უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს წარდგენილი იყვნენ სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მაგრამ პროფესიული საქაღალდე დაუხარვეზდათ;

გ) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის გავლილი ჰქონდათ გარე დაკვირვება, მაგრამ შეფასების ჯგუფების მიერ არ მოხდა მათი წარდგენა სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე;

დ) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის აკმაყოფილებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის N102/ნ ბრძანებით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებული არ ჰქონდათ 15 კრედიტქულა ან/და განხორცილებული არ ჰქონდათ ყველა სავალდებულო აქტივობა.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად