Baby Bag

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

ნათელა ბუჟღულაშვილი 51 წელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ამიტომაც ეს ძალიან ახლობელი პროფესია იყო ჩემთვის. ბავშვობაშიც კი მასწავლებლობანას ვთამაშობდი.

სკოლა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ბედნიერი ვიყავი ამ საქმის კეთებით და 51 წელი სიხარულით ვემსახურე. თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე მომავალი თაობების წინაშე და ყველაფერი უნდა სცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მიუხედავად ხანგრძლივი მუშაობისა, სისტემატურად უნდა ზრუნავდე პროფესიული დონის ამაღლებაზე, სიახლეების მოძიებასა და საკლასო ოთახში დანერგვაზე. სულ იმის მცდელობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარი თავი პროფესიულად განავითარო და სიახლეებს ფეხი აუწყო.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან გამახარა. მხცოვან მასწავლებლებს ამ ჟესტით გვითხრეს, რომ ტყუილად არ გვიშრომია. მადლიერება ამ განვლილი წლებისთვის ამ ფორმით გამოიხატა.

გადაწყვეტილება, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ეხება, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი თაობის შემოსვლას გულისხმობს, რასაც მივესალმები. მათაც უნდა შეიძინონ გამოცდილება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მათგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვსწავლობდი.“


შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგები მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და სკოლაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებელთათვის

ტრენინგები მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და სკოლაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებელთათვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მოსამზადებელ ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. 

ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და სკოლაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებელთათვის.

ტრენინგის გავლის აუცილებელი პირობები და მოთხოვნები:

  • ტრენინგზე რეგისტრაციის გავლა www.tpdc.ge;
  • მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრირება www.naec.ge;
  • მსურველი უნდა იყოს კონკრეტული საგნის და შესაბამისი საფეხურის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებელი/მოქმედი მაძიებელი;
  • განათლების დაწყებითი საფეხურის (I-IV) კლასების კომბინირებულ გამოცდაზე გამსვლელ პირს მხოლოდ ერთი საგნობრივი მიმართულებით (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) აქვს ტრენინგის გავლის შესაძლებლობა;
  • კომპეტენციების დადასტურების მოსამზადებელი ტრენინგი/ები არ უნდა ქონდეს გავლილი 2019 წელს.

ტრენინგები არ ანიჭებს კრედიტქულას.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან კომპეტენციების დადასტურების ტესტირების მოთხოვნებს, ტესტის სტრუქტურას, ტესტის შევსების ტექნიკას და შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

წაიკითხეთ სრულად