Baby Bag

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

ნათელა ბუჟღულაშვილი 51 წელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ამიტომაც ეს ძალიან ახლობელი პროფესია იყო ჩემთვის. ბავშვობაშიც კი მასწავლებლობანას ვთამაშობდი.

სკოლა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ბედნიერი ვიყავი ამ საქმის კეთებით და 51 წელი სიხარულით ვემსახურე. თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე მომავალი თაობების წინაშე და ყველაფერი უნდა სცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მიუხედავად ხანგრძლივი მუშაობისა, სისტემატურად უნდა ზრუნავდე პროფესიული დონის ამაღლებაზე, სიახლეების მოძიებასა და საკლასო ოთახში დანერგვაზე. სულ იმის მცდელობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარი თავი პროფესიულად განავითარო და სიახლეებს ფეხი აუწყო.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან გამახარა. მხცოვან მასწავლებლებს ამ ჟესტით გვითხრეს, რომ ტყუილად არ გვიშრომია. მადლიერება ამ განვლილი წლებისთვის ამ ფორმით გამოიხატა.

გადაწყვეტილება, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ეხება, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი თაობის შემოსვლას გულისხმობს, რასაც მივესალმები. მათაც უნდა შეიძინონ გამოცდილება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მათგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვსწავლობდი.“


შეიძლება დაინტერესდეთ

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


წაიკითხეთ სრულად