Baby Bag

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

ნათელა ბუჟღულაშვილი 51 წელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ამიტომაც ეს ძალიან ახლობელი პროფესია იყო ჩემთვის. ბავშვობაშიც კი მასწავლებლობანას ვთამაშობდი.

სკოლა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ბედნიერი ვიყავი ამ საქმის კეთებით და 51 წელი სიხარულით ვემსახურე. თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე მომავალი თაობების წინაშე და ყველაფერი უნდა სცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მიუხედავად ხანგრძლივი მუშაობისა, სისტემატურად უნდა ზრუნავდე პროფესიული დონის ამაღლებაზე, სიახლეების მოძიებასა და საკლასო ოთახში დანერგვაზე. სულ იმის მცდელობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარი თავი პროფესიულად განავითარო და სიახლეებს ფეხი აუწყო.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან გამახარა. მხცოვან მასწავლებლებს ამ ჟესტით გვითხრეს, რომ ტყუილად არ გვიშრომია. მადლიერება ამ განვლილი წლებისთვის ამ ფორმით გამოიხატა.

გადაწყვეტილება, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ეხება, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი თაობის შემოსვლას გულისხმობს, რასაც მივესალმები. მათაც უნდა შეიძინონ გამოცდილება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მათგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვსწავლობდი.“


შეიძლება დაინტერესდეთ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს

„საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, განათლების სისტემის ახალგაზრდა მასწავლებლებით დაკომპლექტება:

„საპენსიო ასაკის 4 ათასზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე იყო გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მას (პროგრამას) აქვს ორი მიზანი: ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად