Baby Bag

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

„თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი“

ნათელა ბუჟღულაშვილი 51 წელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ამიტომაც ეს ძალიან ახლობელი პროფესია იყო ჩემთვის. ბავშვობაშიც კი მასწავლებლობანას ვთამაშობდი.

სკოლა არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ბედნიერი ვიყავი ამ საქმის კეთებით და 51 წელი სიხარულით ვემსახურე. თუ თითოეულ ბავშვს დიდი სიყვარულით არ მიუდექი, შედეგს ვერ მიაღწევ, რაც უნდა კარგი აქტივობებით დაგეგმო გაკვეთილი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე მომავალი თაობების წინაშე და ყველაფერი უნდა სცადო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მიუხედავად ხანგრძლივი მუშაობისა, სისტემატურად უნდა ზრუნავდე პროფესიული დონის ამაღლებაზე, სიახლეების მოძიებასა და საკლასო ოთახში დანერგვაზე. სულ იმის მცდელობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარი თავი პროფესიულად განავითარო და სიახლეებს ფეხი აუწყო.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან გამახარა. მხცოვან მასწავლებლებს ამ ჟესტით გვითხრეს, რომ ტყუილად არ გვიშრომია. მადლიერება ამ განვლილი წლებისთვის ამ ფორმით გამოიხატა.

გადაწყვეტილება, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ეხება, ჩემი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი თაობის შემოსვლას გულისხმობს, რასაც მივესალმები. მათაც უნდა შეიძინონ გამოცდილება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ მათგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვსწავლობდი.“


შეიძლება დაინტერესდეთ

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი პედაგოგი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა. ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომლებიც PASCH პრემიის მფლობელები არიან.
პარტნიორი სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა.
PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც გერმანულს როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

ზეინაბ მურჯიკნელს 25 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

წაიკითხეთ სრულად