Baby Bag

შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლას ის აპლიკანტები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა არ გასულან

შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლას ის აპლიკანტები, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა არ გასულან

მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასრულდა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა კითხვა - ვინ შეძლებს განმეორებით გამოცდაზე გასვლას.

როგორც ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით ოფიციალური ბრძანება ამ საკითხზე არ გამოცემულა.

„მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც ნოემბერში განმეორებით ჩატარდება, გასვლას შეძლებენ ის აპლიკანტები, რომლებსაც თავიანთი შედეგების გაუმჯობესება სურთ. სწორედ ეს არის განმეორებითი გამოცდის დანიშვნის მიზანი. რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა არ გასულან, მათ შესახებ ჯერ ოფიციალური ბრძანება არ გამოსულა,“ - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ცნობით, შემოდგომის გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შესაბამის ბრძანებაში გაიწერება.

შეიძლება დაინტერესდეთ

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში

გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.00 ქულაზე) მეტი.

ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 30%-ზე (24.00 ქულაზე) მეტი.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
წაიკითხეთ სრულად