Baby Bag

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია. ის, ქალაქ საჩხერეში 1922 წელს დაიბადა, 1942 წელს დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია - ბიოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ის 1946 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.

„ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ბიოლოგიის სწავლება სახალისო და საინტერესო გამეხადა. ამისთვის, სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებდი ფილმებს, მოსწავლეებთან ერთად ვამუშავებდი სათბურს, სადაც მათ ნერგების გამოყვანა შევასწავლე და მათ საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ; მსგავსი მეთოდი გამოვიყენეთ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაშიც და სკოლის აუზში მოვაშენეთ სხვადასხვა ჯიშის თევზები, რაც განსაკუთრებით დაეხმარა მოსწავლეებს ბიოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში,“ - იხსენებს  ვენერა ცარციძე.

როგორც სკოლის დირექტორი, ლია გომართელი აღნიშნავს, ქალბატონი ვენერა ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების განსაკუთრებული მიდგომებით.

„ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ბიოლოგიის კაბინეტი აღჭურვილი ჰქონდა მრავალფეროვანი რესურსებით. გარდა სასკოლო მეცადნიეობებისა, უძღვებოდა ბიოლოგიის წრესაც. ამ ყვეაფრის შედეგად, მისი მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ და რაიონულ კონფერენციებში,“- ამბობს დირექტორი.

ქალბატონ ვენერა ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“. 1984 და 1989 წლებში ქალბატონ ვენერა ცარციძეს საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მიერ უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით ვენერა ცარციძეს მიენიჭა ​„დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.

წყარო - ​მასწავლებლის სახლი

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად“ - მასწავლებლის სახლი სახელფასო დანამატებზე

„შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად“ - მასწავლებლის სახლი სახელფასო დანამატებზე

მასწავლებლებისათვის ახალი სტატუსის მინიჭება გასული კვირიდან დაიწყო. სტატუსშეცვლილი პედაგოგებისთვის იანვრის თვის სახელფასო დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ​იანვარშივე დაირიცხებოდა, შემდეგ კი - ​თებერვალში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატის დარიცხვისას შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობენ:

„თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს. ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან დაირიცხება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

როგორც ​Moms.ge-ს მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შესაძლებელია, სტატუსის ცვლილება ბაზაში მოგვიანებით აისახა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 10 რიცხვში იყო მზად. 

„რადგან პედაგოგთა სტატუსის ცვლილების ბრძანება 10 რიცხვით არის დათარიღებული, სტატუსშეცვლილი მასწავლებლები იანვრის თვის სახელფასო დანამატს ამ თვეშივე მიიღებენ. მათ ნაწილს დანამატი უკვე აესახა ბაზაში, ნაწილს კი ეტაპობრივად აესახება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად