Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ

სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ

„სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ,“ - ამის შესახებ ​Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, 10 რიცხვის მონაცემებით იღებენ ინფორმაციას და რადგან სტატუსის ცვლილება 10 რიცხვის შემდეგ დაიწყო, პედაგოგებს დანამატი მომდევნო თვეში ჩაერიცხებათ:

„დანამატის დარიცხვისას ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ - თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს (ამ შემთხვევაში, იანვარში). ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან (თებერვლიდან) დაირიცხება,“ - უთხრეს Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით აქამდე სამინისტროში სხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ. როგორც უწყებაში, აღნიშნავდნენ, დანამატი იანვარშივე ​დაირიცხებოდა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად