Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ჯამურ ხელფასს, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, დღეს სრულდება. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

წაიკითხეთ სრულად