Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

მათი ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის გამოქვეყნებით დაიწყება. შედეგები ეტაპობრივად, ყველა საგნის მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე, დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.

პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებს, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს, დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია. გამოცდები ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.

წაიკითხეთ სრულად