Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

განათლების სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. ამასთან, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.

„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება. 2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წაიკითხეთ სრულად