Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად