Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ

პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ
  • პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არ უწყდებათ სკოლასთან დადებული ხელშეკრულება, თუ ამის სურვილს არ გამოხატავს თავად მასწავლებელი და არ გაფორმდება შეთანხმება სკოლასა და მასწავლებელს შორის.
  • პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს უფლება დაასრულოს 2019-2020 სასწავლო წელი, ასევე ისარგებლოს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით.
  • სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, დადგენილი წესით ანაწილებს საათებს, საჭიროების შემთხვევაში აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში, სკოლა ქმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის, ვინც ვერ მოასწრო ან გამოცდების აპელაციის შედეგების შემდგომ გადაწყვიტა ჯილდოზე რეგისტრაცია, ეს შესაძლებლობა ბოლოჯერ გაიხსნება 2019 წლის 19 დეკემბრიდან და გასტანს 31 დეკემბრამდე, ხოლო ჯილდოს გაცემა მოხდება 2020 წლის იანვრის ბოლოს.


აღნიშნული ინფორმაცია პედაგოგებს საჯარო სკოლებში აცნობეს.


წაიკითხეთ სრულად