Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმწიფომ განათლების მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო

სახელმწიფომ განათლების მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან მარიამ ჯაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხს აყენებს. 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, თუ როგორია მისი ხედვა განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის შემოდგომ განხორციელებასთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება განათლების მიმართულებით, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების, ასევე შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით. მან ასევე ხაზი გაუსვა განათლების სექტორში დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის გეგმებს, რომელთა მიხედვითაც 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% და სახელმწიფო ბიუჯეტის 25% მიმართული იქნება სწორედ განათლების რეფორმებისა და პროგრამების მხარდასაჭერად.

მარიამ ჯაშის შეფასებით ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრების ფორმატში დადებითი გამოხმაურება აქვს როგორც აკადემიური და პედაგოგიური კორპუსის წარმომადგენლებში, ასევე ფართო საზოგადოებაში.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში შეხვედრებისას გამოიკვეთა ჩვენი საზოგადოების მოლოდინი, რომ საბავშო ბაღებშიც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც გაუმჯობესდეს აღმზრდელებისა და თანამშრომლებისათვის შრომითი პირობები.

წაიკითხეთ სრულად