Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს

„გვსურს, მოვუწოდოთ აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად დარეგისტრირდნენ და ბოლო დღემდე არ მიიყვანონ ეს პროცესი“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

გორგოძის თქმით, ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ამასთან, როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას არ გეგმავს, სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზოგადოებას ეცნობა.

2019 წლის ერღიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს ​დაიწყო. პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი, აღნიშნული ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარს აქვეყნებს

წაიკითხეთ სრულად