Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

საგნები, რომელთა ჩაბარება აბიტურიენტებისთის სავალდებულო ხდება

საგნები, რომელთა ჩაბარება აბიტურიენტებისთის სავალდებულო ხდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

2. უცხოურ ენაში.

მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. ბიოლოგია;

4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვები ძველი წესით განხორციელდება.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

წაიკითხეთ სრულად