Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის შესახებ

ინფორმაცია სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის შესახებ

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების პროცედურები და ვადები დამტკიცდა; განისაზღვრა საგამოცდო ცენტრები, გამოცდის თარიღები და მაქსიმალური ქულები; - ინფრომაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ:
საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურების მიზნით, გამოცდას ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (სავალდებულო საგანი) ჩატარდება 2019 წლის 20 ივლისს, ხოლო არჩევით საგნებში - 2019 წლის 21 ივლისს.
გამოცდის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 12:00 საათზე.
გამოცდა ჩატარდება შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

  • სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში (მისამართი: ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას ქუჩა N9);
  • სსიპ თბილისის N147 საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი).
გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი.
წაიკითხეთ სრულად