Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი

გაუქმდა თუ არა მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებლის სახლის პასუხი
„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი არ გაუქმებულა და მისი შევსება სავალდებულოა,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც მასწავლებლის სახლში განმარტეს, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული კითხვარის გაუქმებასთან დაკავშირებით:
„წერილობითი განაცხადი, რომ თვითშეფასების კითხვარი გაუქმდა, არ არსებობს. შესაძლოა, სამომავლოდ გაუქმდეს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კითხვარის შევსება ამ ეტაპზე ისევ სავალდებულო აქტივობად რჩება მასწავლებლებისთვის,“ - განაცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

თვითშეფასების კითხვარის შევსება პედაგოგებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ევალებათ. ცენტრის ინფორმაციით, თვითშეფასების კითხვარის მიზანია, მასწავლებელმა ადეკვატურად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გამოკვეთოს და გააანალიზოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცნობისთვის, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებების პარალელურად თვითშეფასების კითხვარი ერთხელ უკვე შეიცვალა და ის საგრძნობლად შემცირდა.

წაიკითხეთ სრულად