Baby Bag

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

„სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2 თვის წინ,  დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვდრისას ​განაცხადა.

თუმცა, ხელფასების მატებამ სექტემბრის ნაცვლად ოქტომბრის თვეში გადაინაცვლა. ინფორმაცია განათლების მინისტრმა პედაგოგებს რამდენიმე დღის წინ ​გააცნო: 

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება. პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ხელფასების მატება მოხდება ყოველ შემოდგომაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებელთა გამოცდას ცენტრი გეგმავს ნოემბერში...მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია“ - Naec პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებაზე

„მასწავლებელთა გამოცდას ცენტრი გეგმავს ნოემბერში...მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია“ - Naec პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებაზე

„მასწავლებელთა გამოცდას ცენტრი გეგმავს ნოემბერში, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია,“ - ასე გამოეხმაურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის განცხადებას, რომ მასწავლებელთა გამოცდები შემოდგომაზე არ ჩატარდება და იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის.

როგორც Naec-ის მიერ ​Momsedu.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი დაუსაბუთებული ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო. 

გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას:

„​საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, თითქოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადატანა მოითხოვა, რადგან ვერ ასწრებდა პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის გამოცდების ჩატარებას. ეს არ არის მართალი. ასეთი დაუსაბუთებული ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზაფხულში, რა თქმა უნდა, მზად იყო მასწავლებელთა გამოცდების ჩასატარებლად, როგორც მასწავლებლობის მსურველებისათვის, ასევე პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის. გადაწყვეტილება გამოცდის გადატანის შესახებ მიღებული იქნა მთავრობის დადგენილებით და მიზეზების შესახებ სამინისტრომ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა არაერთხელ გააკეთეს კომენტარი. მაშინ პროფკავშირის პრეზიდენტს თავისი მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს. ამ გამოცდას ცენტრი გეგმავს ნოემბერში, თუმცა, ცხადია, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ დროისათვის არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რადგანაც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ორგანიზაციისათვის, უპირველესი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზაფხულში ურთულეს პირობებში უსაფრთხოდ და მაღალ პროფესიულ დონეზე შეძლო გამოცდების ჩატარება 80 000 - მდე პირისთვის. ცენტრი ამჯერადაც მზად არის გამოცდის ჩასატარებლად და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად