Baby Bag

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

„სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2 თვის წინ,  დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვდრისას ​განაცხადა.

თუმცა, ხელფასების მატებამ სექტემბრის ნაცვლად ოქტომბრის თვეში გადაინაცვლა. ინფორმაცია განათლების მინისტრმა პედაგოგებს რამდენიმე დღის წინ ​გააცნო: 

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება. პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ხელფასების მატება მოხდება ყოველ შემოდგომაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა. შესაბამისი ბრ​ძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.

მანამდე ამ ბრძანებში ცვლილება სამი თვის წინ ​განხორციელდა, რომლის თანახმადაც განსხვავებულად ჩამოყალიბდა ის მუხლი, რომელიც პარალელურ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას ეხებოდა. 

ამ ცვლილებით კი ბრძანებას დაემატა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები: 

„პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

წაიკითხეთ სრულად