Baby Bag

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

„სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2 თვის წინ,  დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვდრისას ​განაცხადა.

თუმცა, ხელფასების მატებამ სექტემბრის ნაცვლად ოქტომბრის თვეში გადაინაცვლა. ინფორმაცია განათლების მინისტრმა პედაგოგებს რამდენიმე დღის წინ ​გააცნო: 

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება. პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ხელფასების მატება მოხდება ყოველ შემოდგომაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.

„ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაგეგმავენ პროექტს პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოლოგიასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.

რეგისტრაცია ცხადდება რეგიონების მიხედვით:

აჭარა-ბათუმი;

ქვემო ქართლი-რუსთავი;

შიდა ქართლი-ხაშური;

იმერეთი-ქუთაისი; საჩხერე;

თბილისი.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ​სარეგისტრაციო ფორმა.

წაიკითხეთ სრულად