Baby Bag

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

სექტემბრის თვეში დაგეგმილი ხელფასების მატება ოქტომბრის თვისთვის გადაიდო

„სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2 თვის წინ,  დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვდრისას ​განაცხადა.

თუმცა, ხელფასების მატებამ სექტემბრის ნაცვლად ოქტომბრის თვეში გადაინაცვლა. ინფორმაცია განათლების მინისტრმა პედაგოგებს რამდენიმე დღის წინ ​გააცნო: 

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება. პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ხელფასების მატება მოხდება ყოველ შემოდგომაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად