Baby Bag

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკა შეიძინონ“

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკა შეიძინონ“

​ნინო რაზმაძე 30 წელია თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი, შემდეგ კი სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე დაწყებით კლასებში შევედი და დღემდე დავრჩი.

ჩემი თვალთახედვით, კარგი მასწავლებელი უნდა ჩაწვდეს ბავშვის ფსიქოლოგიას, გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელიც მის ქცევას განაპირობებს. მასწავლებელმა ბავშვს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ცოდნა და გამოამჟღავნოს თავი.

გამიჭირდა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. რომ წარმოვიდგენდი, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევდა, გული მეკუმშებოდა. თუმცა, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკა შეიძინონ, იმიტომ, რომ თეორიული ცოდნა ერთია, პრაქტიკული – მეორე. ძალიან მიყვარს ახალგაზრდები, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, მათ სხვა ენერგია და სული შემოაქვთ სკოლაში.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებაში ასეთი რამ დავინახე: სახელმწიფომ პირველი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის დაფასებისკენ. მე ამას მივესალმები! ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პოპულარული. სახელმწიფო რომ სათანადოდ დააფასებს მასწავლებელს, ამ პროფესიისადმი საზოგადოების ზოგადი განწყობაც შეიცვლება.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილის განცხადება

„სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილის განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

  • რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.
  • სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
  • პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.
  • პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას.
  • მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.
  • საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).
  • ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.
  •  ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.

წაიკითხეთ სრულად