Baby Bag

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ცვლილებებია

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ცვლილებებია

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, წინამდებარე წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სურთ დასაქმდნენ სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე. მათ შორის მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლებზე (გარდა, ამ წესით განსაზღვრული კონკურსის პირობებისა). ასევე, იმ მასწავლებლებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტენ საქმიანობას სკოლაში.

პირი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე.

სკოლას უფლება აქვს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა მოსთხოვოს, როგორც მასწავლებლობის მსურველ კანდიდატს (შემდგომში – კანდიდატი), ასევე პირს, რომელიც სკოლაში უნდა დასაქმდეს მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად.

სკოლაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

სკოლაში სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის ან/და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის კადიდატებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

შიდა და ღია კონკურსი ცხადდება სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში.

განცხადებების წარდგენის ვადა განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

დირექტორი მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლებს სკოლაში ასაქმებს კონკურსის გარეშე.

გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით

1. 2023 წლის ბოლომდე, მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც:

ა) მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

ბ) მასწავლებლად მუშაობის დაწყებამდე ჩააბარა საგნის გამოცდა და გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი სკოლაში საქმდება მასწავლებლად, როგორც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი.

იხილეთ ​ბრძანება

შეიძლება დაინტერესდეთ

საგნები, რომლებზეც ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული

საგნები, რომლებზეც ყველაზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით 1890 პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია) - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმითმნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი - 10 კრედიტიანი ბარიერი დაძლია:

„ეს ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება. რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა, დაახლოებით 51350 საათზე“ - განაცხადა მინისტრმა. 

სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ლიდერობს ბიოლოგია (11), ისტორია (10), მუსიკა (10), ფიზიკა (10), მათემატიკა (16) და აშ.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელთა ვაკანსიები


წაიკითხეთ სრულად