Baby Bag

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები სამსახურში ბევრად მეტ სტრესს ​განიცდიან, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები. გამოკითხული ყოველი მეხუთე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ სამუშაო დღის მანძილზე გამუდმებით დაძაბული და აღელვებულია, მაშინ როდესაც სხვა პროფესიების წარმომადგენლებიდან მსგავსი პრობლემა რვა ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს. 

მოსწავლეთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მასწავლებელთა ნაწილის სკოლიდან გასვლა პედაგოგებს სტრესულ გარემოში მუშაობას აიძულებს. თვეების მანძილზე ინტენსიური შრომა მასწავლებლების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. მათ სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით დასვენებისთვის ბევრად ცოტა დრო რჩებათ.

გამოკითხულ მასწავლებელთა 41 % თვლის, რომ მათ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, მაშინ როდესაც მსგავს უკმაყოფილებას კვლევაში მონაწილე სხვა პროფესიების წარმომადგენლების მხოლოდ 32 პროცენტი გამოთქვამს.

მკვლევარები თვლიან, რომ პედაგოგთა სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემცირება აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს სტრესისგან მეტად დაიცავს. მასწავლებლებს საზოგადოებისგან გაცილებით მეტი თანადგომა, აღიარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე აქვთ. მათ უკეთესი სამუშაო გარემო და პირობები ესაჭიროებათ, რათა დაძაბულობის გარეშე მუშაობა შეძლონ, რაც მხოლოდ სწორი მენეჯმენტისა და სასწავლო პროცესის სათანადო ორგანიზების პირობებშია შესაძლებელი.

კარგი მასწავლებლები ხშირად საკუთარ პროფესიაზე უარს ამბობენ, რადგან დატვირთულ გრაფიკს და არასახარბიელო სამუშაო პირობებს ვერ უძლებენ.

მკვლევარები თვლიან, რომ მოქნილი სამუშაო გარემო, პროფესიული წინსვლისა და ზრდის ჩამოყალიბებული სისტემის არსებობა და მოწესრიგებული ბიუროკრატია მასწავლებელთა მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის და მათ ფსიქიკაზეც დადებითად აისახება.

მომზადებულია ​independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველთა 26%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა

მასწავლებლობის მსურველთა 26%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა

„მასწავლებლობის მსურველთა 26%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ​განაცხადა.

„ზაფხულში გამოცდაზე მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველების უპრეცედენტო რაოდეობა დარეგისტრირდა. პირველად მოხდა მსგავსი შემთხვევა, რომ 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე სულ 8000-მდე ადამიანი გავიდა და მათმა 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რაც ნიშნავს, რომ წარმატებით გადალახა ბარიერი“ - დასძინა ირინა აბულაძემ. 

ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.

პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებდა, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა ჰქონდა, დაედასტურებინა როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია. 

იხილეთ ასევე:

როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს

წაიკითხეთ სრულად