Baby Bag

ყველაფერი განათლების სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ

ყველაფერი განათლების სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალ პროგრამაზე - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სურთ მასწავლებლობა. ამასთან, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, ნოემბრის გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული პროგრამა გაიარონ.

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩასარიცხად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე Tpdc.ge, ჩააბაროთ ტესტი, რომელიც თქვენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეძლებთ, გახდეთ კურსის მსმენელი. ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.

მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ - პარასეკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. 

მასწავლებლები მომზადდებიან:

1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან. 

პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. 

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ, პარალელურად გადამზადდებიან დისტანციური სწავლების კურსით და კომპეტენციის დადასტურების შემდგომ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2 000-ზე მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) პროფესიულ უნარებში.
აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42). 

აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.

ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.

მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.
წაიკითხეთ სრულად