Baby Bag

მასწავლებლის სახლი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს

მასწავლებლის სახლი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსს აცხადებს

მასწავლებლის სახლი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა-მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია-ბიოლოგია
  • რუსული

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www.hr.gov.ge 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე:

I ეტაპი:

კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა

II ეტაპი:

გასაუბრება

შერჩეულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები.

პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:

  • დასაქმდნენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
  • მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;
  • ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
  • მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები;
  • იზრუნონ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები;

„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართულ სკოლებში ახალი პროექტი იწყება - რომელი საგნის მასწავლებლები დაეხმარებიან ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში?

ქართულ სკოლებში ახალი პროექტი იწყება - რომელი საგნის მასწავლებლები დაეხმარებიან ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში?

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თემო სუყაშვილმა ქართულ სკოლებში ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში დაეხმარება:

„პროექტი „გავიღიმოთ“ აგებულია ხუთი თემისგან. ის სტრუქტურირებულია ოც გაკვეთილად. მოსწავლეები არიან აქტიურ როლში და მასწავლებელი გამოდის ფასილიტატორად. თითოეული თემა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ემოციები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, კომუნიკაცია, ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თვითონ ფიქრობენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე.“

თემო სუყაშვილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული სტიგმის დაძლევასაც:

„გარკვეული სტიგმა არსებობს სასკოლო საზოგადოებაში. როდესაც ვახსენებთ ტერმინს „ფსიქიკური ჯანმრთელობა,“ ფიქრები მიდის ნეგატიურისკენ. არსებობს კვლევები, რომლითაც დასტურდება, რომ ყოველი ხუთი მოსწავლიდან ერთი განიცდის ამ პრობლემას. ეს პროექტი მასწავლებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს.“

„ახლა გვაქვს შემცირებული საგაკვეთილო პერიოდი და მასწავლებლები გადასულები ვართ ტექნიკურ საკითხებზე. საერთოდ არ გვრჩება დრო, რომ მოსწავლეებს ვკითხოთ, რა განწყობაზე არიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თემო სუყაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად