Baby Bag

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს. 

ცენტრის ინფრომაციით, მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე. 

მასწავლებელი ბარათის ამოსაბეჭდად უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge, გახსნას ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“, მიუთითოს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. ამის შემდეგ, დააჭიროს ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

აპლიკანტმა უნდა დაიმახსოვროს ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით მასწავლებელი შეძლებს შედეგების გაგებას! ბარათის დაკარგვის შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“

ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“
„ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„​ერთხელაც დავწერ - იქნებ ვინმემ გაიგონოს:

ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო „გამოყვანას“.
რატომ უნდა ვისახავდეთ მიზნად ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში საუნივერსიტეტო განათლების ელემენტების ჩამოტანას - ვის სჭირდება ასეთი სიურელისტური ამოცანების გადაწყვეტა, მითუმეტეს, რომ ვერასდროს წყდება?

​ბავშვი სკოლაში ლიტერატურის გაკვეთილებზე უნდა მიდიოდეს ინტელექტუალური და ესთეტიკური სიამოვნების აღსაქმელად და მისაღებად და არა დაუსრულებელი განმარტებებისა და სქემების დასაზუთხად - მხატვრულ ტექსტებს არ სჭირდებათ არც პროკრუსტეს სარეცელი და არც „საბოლოო ჭეშმარიტებანი“.

​ლიტერატურის გაკვეთილი ფიქრისა და განცდის თავისუფლების გაკვეთილია - როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლისთვისაც და არა სტანდარტიზებული იდეების უაპელაციო კულტივირება და ჩანერგვა პედაგოგისა თუ ბავშვის ცნობიერებაში, რისი ძალდატანებითი თავსმოხვევის (ერთადერთობის ნიშნით!) დაუსრულებელ მცდელობასაც ახლა ვხედავთ საქართველოს სკოლებში.

​სახელმძღვანელოებში არ უნდა იყოს ამოსახევი ფურცლები, როგორც კარგად არის მინიშნებული შესანიშნავ ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. სასწავლო წიგნების შეფასების დღეს დამკვიდრებული „სისტემის“ პირობებში კი შესაძლოა ისეთი „სახელმძღვანელოები“ შეიქმნას, რომლებშიც ბევრი ფურცელი ამოსახევი იქნება.

​ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე, რა სავალალო შედეგთან მიგვიყვანა ქართულ სკოლაში ჰუმანიტარული განათლების სფეროში არამართებული „პრინციპების“ დამკვიდრების დაუსრულებელმა და უდღეურმა „ექსპერიმენტებმა“, რომლებსაც ამ საქმისთვის სრულიად შეუფერებელი და კატეგორიულად უინტერესო ადამიანები ატარებენ - ისინი საკუთარი ცნობიერების კლიშეებს ავრცელებენ მხოლოდ.

​კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეგ თქვენი ე.წ. „მატრიცები“, რომლებითაც ყველას თავი მოაბეზრეთ, ბავშვის მიერ ლიტერატურის აღქმის სიკვდილია - სასკოლო ეტაპზე ის სიამოვნებასა და სიხარულს ეძებს და არა ყალბ „მეცნიერებას“. არც მასწავლებლებს სჭირდებათ ლიტერატურის სწავლების ერთადერთი „სწორი პრინციპის“ ყოველდღიური დამხობა თავზე - სწავლებაც შემოქმედების თავისუფლებაა და ამიტომ.

​დავაცადოთ ბავშვებს, რომ შეიყვარონ და არა შეიძულონ კარგი ლიტერატურა - ის ამას იმსახურებს,“ - წერს გია მურღულია.

წაიკითხეთ სრულად