Baby Bag

ნოემბრის გარდა, კიდევ როდის მიეცემა მასწავლებელს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა?

ნოემბრის გარდა, კიდევ როდის მიეცემა მასწავლებელს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებთან დაკავშირებით გთავაზობთ ხშირად დასმულს კითხვებსა და პასუხებს:

1.გამოცდის დაწყების დრო საგამოცდო ბარათზეა მითითებული? - ბარათზე იხილავთ რეგისტრაციის დაწყების (და არა გამოცდაზე შესვლის) დროს. მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

2. რეგისტრაცია ახლაც 08:00 საათზე იწყება? - რეგისტრაცია, უმეტესად, 10:00 საათზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხო ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა. სწორედ ამიტომ აუცილებელია აპლიკანტები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადნენ შესაბამის დროსა და ადგილას.

3. როგორ უნდა გავიარო რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში? - რეგისტრაციის გასავლელად დაგჭირდებათ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. რა ვქნა, თუ საგამოცდო ბარათი დავკარგე, შესაძლებელია ტელეფონით გადაღებული ფოტო წარმოვადგინო? - ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართით და ხუთნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია ჩანდეს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. მობილური ტელეფონით ბარათის ფოტოს საგამოცდო ცენტრში ვერ წარადგენთ, რადგან გამოცდაზე შესვლამდე უნდა გათიშოთ ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის, ტელეფონიც და ჩააბაროთ შესანახი ნივთებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას.

5. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამავიწყდა იმ ელფოსტის მისამართი, რომლითაც რეგისტრაცია გავიარე? - ამ შემთხვევაში უნდა მომართოთ ცენტრს განცხადებით (მისამართზე: ე. მინდელის N9) და მოითხოვოთ ახალი ელექტრონული ფოსტის მიბმა თქვენს სარეგიტრაციო ველზე.

6. აუცილებელია თუ არა საგამოცდო ბარათის შენახვა გამოცდის დასრულების შემდეგ? - უნდა დაიმახსოვროთ ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ შედეგების გაგებას.

7. კიდევ როდის მიეცემა შესაძლებლობა მასწავლებელს დაადასტუროს კომპეტენცია? - მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ტესტირება კი ზაფხულში ჩატარდება.

8. რამდენი ქულა უნდა ავიღო საგნის გამოცდაზე, რომ 3 კრედიტი მოვაგროვო? - კრედიტების დაგროვების საკითხი სცილდება ჩვენს კომპეტენციას. დეტალები გაარკვიეთ მასწავლებლის სახლში.

9. საწერი კალამი დამხვდება გამოცდაზე, თუ შემიძლია ჩემი შევიტანო?- ცენტრი წელსაც უზრუნველყოფს მონაწილეებს საწერი კალმებით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტებს საშუალება აქვთ თან იქონიონ გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება''

„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“ - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები მკაფიოდ სახავს სახელმძღვანელო პრინციპს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ვისთვისაც უმთავრესი მიზანი მუდმივი წინსვლა და განვითარებაა.

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, ჰქონდეს განათლების, გართობის, ჯანმრთელი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები - ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

წლევანდელ ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულ პირობებში აღვნიშნავთ. უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დადგა, ჩვენი სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, აღმზრდელებმა და პედაგოგებმა მთელ ქვეყანაში, ყველამ, ვინც ცხოვრების მთავარ საქმედ მომავალ თაობებზე ზრუნვა აირჩია, ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღო, რათა შეგვემსუბუქებინა სკოლისა და მეგობრებისაგან დაშორების სირთულეები, მოგვეძებნა განათლებისა და შინაარსიანი დასვენების ახალი გზები ჩვენი შვილებისათვის.

ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოვფხვრათ ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შევქმნათ თვითრეალიზაციის ყველა პირობა, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება," - აღნიშნულის განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 


წაიკითხეთ სრულად