Baby Bag

„სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“ - 5 ფრაზა მასწავლებლებზე

„სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“ - 5 ფრაზა მასწავლებლებზე
1. სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთი ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. (უინსტონ ჩერჩილი)

2. მასწავლებელი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია, რთული საგნები მარტივად აქციოს. (რალფ ულდო ემერსონი)
3. მასწავლებელი უნდა ფლობდეს მაქსიმალურ ავტორიტეტს და მინიმალურ ძალაუფლებას. (თომას სასი)
4. მასწავლებელი უნდა იყოს მსახიობი, მხატვარი, უსაზღვროდ შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე. (ანტონ ჩეხოვი)
5. თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა. (ჯონ კოტონ დანა)

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი საგანი, რომელიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება და მოსწავლეებისთვის თამაშით ბიზნესის საფუძვლების გაცნობას ისახავს მიზნად

ახალი საგანი, რომელიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება და მოსწავლეებისთვის თამაშით ბიზნესის საფუძვლების გაცნობას ისახავს მიზნად
მასწავლებელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც კერძო სკოლაში ბიზნეს უნარების მიმართულების ხელმძღვანელია და მოსწავლეებს ბიზნესსა და ლიდერობას ასწავლის, ახალი საგანი დანერგა. ბიზნეს განათლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ისწავლება და ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც მოიცავს. პროგრამის შესახებ საინტერესო დეტალების გასაგებად ​MomsEdu.ge მარიამს ესაუბრა. 

- მარიამ, მოგვიყევით თქვენ მიერ შექმნილი ბიზნეს უნარების პროგრამის შესახებ. უფრო კონკრეტულად რა გულისხმობს ბიზნეს განათლება?
-  ბიზნეს უნარები ჩემი საავტორო პროგრამაა და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის თამაშით ბიზნესის საფუძვლების გაცნობას, ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას, რაც ყველა პროფესიის ადამიანისთვის საჭიროა. ბიზნეს უნარები ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ლიდერულ და დივერგენტულ უნარებს, პრეზენტაბელურობას, გუნდურობას, კრიტიკულ აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ორენოვანია: ქართული და ინგლისური.



- პროგრამით სწავლებისას რომელ ნაწილს ენიჭება უპირატესობა - პრაქტიკულს თუ თეორიულს?

- საგაკვეთილო პროცესი, უმთავრესად, პრაქტიკულია. მცირე, ძირითადი თეორიული მასალის გაცნობა ხდება და შემდეგ მის ირგვლივ აქტივობები. მოსწავლეები ეტაპობრივად შეისწავლიან ბიზნეს ტერმინოლოგიას, ლიდერობას, პრეზენტაციის კეთებას, სიტყვით გამოსვლას, ბიზნეს გეგმის წერას, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოებას, პროექტების წერას, ლიდერულ სტილებს მმართველობისას. მარკეტინგის, ფინანსების, მეწარმეობის, ორგანიზაციული ქცევის, ადამიანური რესურსების საფუძვლებია გაკეთებული ქეისებით და თამაშებით, რომ ბავშვისთვის საინტერესო იყოს. მოსწავლეებს ასევე აქვთ სიმულაციები, როლური თამაში ე.წ. role plays, სხვადასხვა ქარხანაში ექსკურსიები, პროექტები, აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს, რომელზეც ადგენენ პიარ გეგმას და ახორციელებენ. მუშაობენ კონკურენტულ უპირატესობებზე. 

 

- რა არის პროგრამის უპირატესობები?

- პროგრამის უპირატესობებია: ინგლისურენოვანი სწავლება, თამაშით სწავლება, განსხვავებული პროექტები, სიმულაციები, რეალური ქეისების განხილვა, კრეატიული სასწავლო პროცესი.

- რამდენი ხანია, რაც ეს პროგრამა შეიქმნა და რა შედეგები გაქვთ მოსწავლეებთან?

- 2 წელია, პროგრამა აქტიურად ხორციელდება და მუდმივად იხვეწება. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, აქტიურად არიან ჩართულები სახალისო დავალებების შესრულებაში, განსაკუთრებით მოსწონთ სიმულაციური თამაშები და როლური თამაშები.

- თუ უზიარებთ პროგრამას სხვა მასწავლებლებს და რამდენად კმაყოფილები არიან?

- დიახ. ინტეგრირებული გაკვეთილები გვაქვს, მაგალითად, ინგლისურთან, ფიზიკასთან - ინოვაციური მოწყობილობის შექმნის კუთხით, შემდეგ მოსწავლეები იდეას ბიზნესად აქცევენ. აღნიშნული პროცესი კი მათთვის ძალიან საინტერესო გამოდის. 

- დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.

- სამომავლოდ ვგეგმავ ბიზნეს კონკურსების ორგანიზებას და რაც შეიძლება მეტი მოსწავლის ჩართვას პროგრამაში.

წაიკითხეთ სრულად