Baby Bag

„ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, რა მასწავლებელი ხარ?!“

​„ნიშნები უნდა შევკრიბოთ და ჩავყაროთ კოცონში. ნიშნები იეზუიტების გამოგონებაა, რომ ჯოხი შეეცვალათ ციფრით და ბავშვი ფიზიკურად სკოლაში კი არ დაესაჯათ, არამედ მშობლებისთვის ეთქვათ, დასაჯეთ თქვენ თვითონ. 

ბავშვი რომ სახლში მივა, პირველი კითხვა რა არის? - რა მიიღე? ახლა ელექტრონული დღიური გამოიგონეს და დედა უკვე ცოცხით ხვდება ბავშვს.

მშობელთა კრებაზე რომ მივა დედა, მათემატიკის მასწავლებელს უნდა უთხრას, მე მათემატიკა არ მაინტერესებს, ეგ თქვენი საქმეა, უნდა ასწავლოთ ჩემს შვილს, აბა რა? - თუ ამას არ გააკეთებ, აბა რა მასწავლებელი ხარ, მაგრამ ბავშვს სულს უზრდის მასწავლებელი? ეს თქვა ილიამ - „აღზარდე შენ შვილის სული“, უზრდი სულს, აკვალიანებ? გურამიშვილისა არ იყოს, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაოვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო? - ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, მაშინ რა მასწავლებელი ხარ?!“ - აღნიშნა აკადემოკოსმა შალვა ამონაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, არაფრით არ არის ეს საჭირო,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სიჩუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძნული და უგუნური სიჩუმის მახასიათებლები დაასახელა:

„მე ორი სიჩუმე გამოვყავი: ერთი არის ბრძნული სიჩუმე. ჩვენ გვინდა სიმშვიდე, რომ დავისვენოთ, ამიტომ გამოვეყოფით სამყაროს. ეს არის ბრძნული სიჩუმე. გვინდა, რომ მივეცეთ ჩვენს განცდებსა და მოგონებებს. რაღაც გვინდა გავიხსენოთ, ვიღაცას დაველაპარაკოთ სულში, მადლობა ვუთხრათ, რაღაც გავუზიაროთ. სულში დიდი ცხოვრება მიმდინარეობს. სიჩუმეს ზრუნვა სჭირდება. მე ამ ზრუნვით შეიძლება თქვენ კეთილი განცდები და ფიქრები გამოგიგზავნოთ. თუ ოცნებებს არ მივეცი თავი დროდადრო, ჩემი ცხოვრება გაღარიბდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა, სიჩუმე და ლოცვა. ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ არის, როდესაც განყენდები ყველაფრისგან, აღარაფერი გაწუხებს. დახუჭე თვალები, ახედე ცას და თქვი, რაც გინდა. ეს სიტყვა მაღლა წავა. ბრძნული სიჩუმის ნიშანია, რომ მე სხვათა სიჩუმეს გავუფრთხილდე. შეიძლება მე ხმაური მინდა, მაგრამ აგერ მეუღლე ისვენებს, ვიღაცას სჭირდება, რომ რაღაცაში ჩაფიქრდეს. არ უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.

რა არის უგუნური სიჩუმე? ზოგჯერ დაბოღმილი, განაწყენებული კაცი ჩაიგუბებს პირში წყალს, გაჩუმდება, განდგება, არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ შიგნით იწვის. შიგნით ბოღმა ტრიალებს და ეს დამანგრეველი სიჩუმეა. მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, რა არის ეს სიჩუმე? არაფრით არ არის საჭირო. უნდა ვისწავლოთ ბრძნული სიჩუმეები. მე მიყვარდა ხოლმე სახლში ხმაურით მოსვლა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მეტყოდა: „რატომ ხმაურობ? მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ ხანდახან უნდა ვიხმაუროთ კიდეც, ხალისიანი ხმაურით, როდესაც ბავშვებთან ვცელქობთ. ზოგჯერ გრძნობებს ვერ შეიკავებ, დაგაყვირებენ გრძნობები, ხმამაღლა გათქმევინებენ რაღაცას. მინდა, გირჩიოთ ახალგაზრდებს ჩემი მეუღლისგან: „მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ მეც ჩუმად ვესაუბრებოდი მას, მოდი, ეს გავაკეთოთ, მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ. ერთმანეთისა გვესმოდა, გვქონდა უსიტყვო საუბარი, ფიქრით საუბარი, გულით საუბარი. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და გვინარჩუნებს ჰარმონიას ცხოვრებასთან,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად