Baby Bag

„დარაბებს მიღმა არ დადგა გაზაფხული... რატომ ჩააყენეთ მასწავლებლები ამ დღეში?!“

„დარაბებს მიღმა არ დადგა გაზაფხული... რატომ ჩააყენეთ მასწავლებლები ამ დღეში?!“

„მოვიდა დრო საუბრისა...

წლების წინ პედაგოგები ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენეს და გამოგვცადეს...
აინტერესებდათ, საგანი თუ ვიცოდით, პროფესიულად თუ ვიყავით მზად სასწავლო პროცესისთვის.
ვიღაცამ დაამტკიცა, რომ იმსახურებდა სკოლაში ყოფნას.
ვიღაცას გაუჭირდა.
ვიღაცამ საერთოდ პროტესტი გამოაცხადა და უფლება არავის მისცა, გამოეცადათ...
ასე იყო კარგა ხანს...
მერე გვითხრეს, გეყოფათ ბაირამობა, ყველამ დაამტკიცეთ კომპეტენციაო.
დაფაცურდნენ მასწავლებლები.
აქაც ისე იყო, როგორც მაშინ...ვიღაცამ ივაჟკაცა, ვიღაცამ-ნაკლებად...
ოღონდ ეგ იყო, ყველას მისცეს შანსი კრედიტებით მოეპოვებინათ პროფესიონალიზმის დამამტკიცებელი სტატუსი...
ასე დაუფროსდა ბევრი.
ასე დამყარდა „მშვიდობა"...
"ომი დამთავრდა,მშვიდობის გეშინოდეთ" ფაზაც დაგვიდგა.
აყირავდა სკოლა.
ყველას მოუნდა სრული კომფორტი.
ბევრს უფრო მეტიც.
კიდევ მეტი.
კიდევ, კიდევ...
ვიჩხუბეთ, ვიკამათეთ, ვლანძღეთ ერთმანეთი...
ისევ დადგა „მშვიდობა"...
ვინ იცის, როდემდე?
თუმცა ეს არ არის მთავარი...
ამის მერე ღიმილი დავიფინეთ და შევედით გაკვეთილების ჩასატარებლად.
მოსწავლეებს ვესაუბრეთ კეთილშობილებაზე, სიყვარულზე, დიდსულოვნებაზე...
დარაბები სკოლასაც აქვს...
დარაბებს მიღმა არ დადგა გაზაფხული...
რატომ ჩააყენეთ მასწავლებლები ამ დღეში?!
არ ვართ ჩვენ გამოცდის ხალხი, არა!..
სამინისტროს გამოცდას არ ვგულისხმობ...ცხოვრების გამოცდა ვერ ჩავაბარეთ ჩვენ...

პ.ს.
ყველა ნუ გაბრაზდება, ეხება ნაწილს...“

ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთო დანელია 

​​MomsEdu.ge​-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რამდენ პირს მიენიჭება სახელმწიფო გრანტი? - ბრძანება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რამდენ პირს მიენიჭება სახელმწიფო გრანტი? - ბრძანება

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს ​გამოქვეყნდა.

ბრძანების თანხმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

წაიკითხეთ სრულად