Baby Bag

„მართალია, რთულია კვალიფიციურად უპასუხო უამრავი კოლეგის შეკითხვას, მაგრამ ვგრძნობ, რომ მენდობიან, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“

„მართალია, რთულია კვალიფიციურად უპასუხო უამრავი კოლეგის შეკითხვას, მაგრამ ვგრძნობ, რომ მენდობიან, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“

მზია კახაძე - თუ პედაგოგი ხართ, ეს სახელი და გვარი აუცილებლად გეცნობათ, რადგან მას არაერთი მასწავლებლისთვის უანგარო და კომპეტენტური დახმარება გაუწევია. სწორედ ამიტომ პედაგოგები მის მიმართ უსაზღვრო სითბოს, სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავენ. მას არაერთხელ გადაუხადეს მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მესვეურებმაც პედაგოგებისთვის გაწეული დახმარებისათვის.

მზია კახაძე ღურტის (ხულოს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში 15 წელია ასწავლის. ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ არჩევანი მალევე შეიცვალა და მასწავლებლობა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა ამოქმედდა, კოლეგებმა ფასილიტატორად აირჩიეს და ყველაფერი აქედან დაიწყო:

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ამოქმედდა და კოლეგებმა ფასილიტატორად ამირჩიეს. მაშინ ეყრებოდა საფუძველი სიახლეებს და ბუნებრივია, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იყო. ალბათ, ამიტომ ჩემი ფასილიტაციის სფერო მალევე გასცდა ჩემი სკოლის ფარგლებს და ჯერ მეზობელი სკოლების, შემდეგ მუნიციპალიტეტისა და გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლების პედაგოგების დაკვალიანებაც მიწევდა, თუ როგორ დაეგეგმათ და განეხორციელებინათ კარიერული წინსვლა. მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან კითხვებზე მიწევდა პასუხის გაცემა და რჩევის მიცემა. იმდენი ადამიანი მომმართავდა, რომ საკუთარი საქმის კეთებისათვის და ოჯახისათვის ფაქტობრივად დრო აღარ მრჩებოდა... 

ქართულ პედაგოგიურ საზოგადოებას სასერტიფიკაციო გამოცდებმა ტორნადოსავით გადაუარა. მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროფესიული განვითარების გზაზე უამრავი დაბრკოლება და წინაღობა შეხვდა, რომელთა გადალახვა მხოლოდ მეთოდური სახელმძღვანელოებითა და მრავალრიცხოვანი ტრენინგებით შეუძლებელი აღმოჩნდა. კიდევ რაღაც მეტი იყო საჭირო - უფრო მეტად ნაცნობი, უფრო მეტად მარტივი, უფრო გასაგები... 

გადავწყვიტე, სოციალურ ქსელში შემექმნა დახურული ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანდებოდა ყველა პედაგოგი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა და ერთიან სივრცეში გავუწევდი კონსულტაციას. ამ მიზნით, 2017 წელს მე და ჩემმა მეგობარმა, ქუთაისის №36 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა, ნატალია თურქაძემ შევქმენით „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი“. ჯგუფი მაშინვე გახდა პოპულარული და მასში უმოკლეს დროში 15 000-მდე პედაგოგი გაწევრიანდა. დღემდე ყველა სიახლეს ერთად ვეცნობით.  მართალია, ძალიან რთულია (დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს), კვალიფიციურად უპასუხო უამრავი კოლეგის შეკითხვას, დაეხმარო დაშვებული შეცდომის გამოსწორებაში, მისცე სწორი ორიენტირი, მაგრამ ვგრძნობ, რომ მენდობიან, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამასთან ერთად, მათ ადგილას ჩემს თავს წარმოვიდგენ და ვცდილობ, იმედები არ გავუცრუო.“ - აღნიშნავს მზია კახაძე.

​Moms.ge მზია კახაძეს თქვენთვის აქამდე უცნობი კუთხით დაგანახებთ. 

- ქალბატონო მზია, ბოლო წლებია, განათლების სისტემაში არაერთი სიახლე დაიგეგმა, განხორციელდა. მასწავლებლებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა აქვთ... როგორ შეაფასებთ არსებულ სისტემას? როგორ ფიქრობთ, რა იცვლება სკოლაში პედაგოგის სტატუსის ამაღლებით?
- სქემის ფარგლებში პედაგოგთა უმრავლესობამ შეიცვალა სტატუსი, რაც მათ მატერიალურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახა. სისტემაში დაფინანსება გაიზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათლება პრიორიტეტი გახდა. პედაგოგები უფრო მოტივირებულები და თავდაჯერებულნი გახდნენ, მათ აღარ აქვთ სამსახურიდან დათხოვნის შიში და თავიანთ საქმეს მთელი გულით აკეთებენ.

ამასთანავე, სკოლის გარეთ არსებული კვალიფიციური კადრების ყურადღება წარიმართება სკოლისაკენ, რაც ერთგვარი „რეზერვის“ შექმნას შეუწყობს ხელს პედაგოგიური კადრების დღევანდელი დეფიციტის პირობებში.

- გამოდის, პედაგოგთა პროფესიული განვითარების არსებული სისტემა უნაკლოა?

- უნაკლო სისტემა არ არსებობს. მაგალითად, მე მივესალმები დაანონსებულ ცვლილებებს, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება. თავის დროზე, როდესაც სქემა ინერგებოდა, ვთვლიდით, რომ აქტივობები იყო სწორი, რეალისტური, ხარისხსა და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული. კრედიტქულების დაგროვება ერთგვარი ბონუსი იყო ბევრი კარგი პედაგოგისთვის. თუმცა, სხვამხრივ აღმოჩნდა, რომ არსებული სქემა მრავალ ბიუროკრატიულ ნიუანსს შეიცავდა: საბუთების მომზადება და ატვირთვა იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, რომ გარკვეულწილად, სასწავლო პროცესი ყურადღების მიღმა დარჩა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ის პედაგოგები, რომლებმაც სასწავლო საგანში ძალიან დაბალი შედეგი აჩვენეს და დანარჩენი დამატებითი აქტივობებით შეივსეს, ბევრს ვერაფერს შეცვლიან სასწავლო პროცესში.

- ქალბატონო მზია, თქვენზეც ვისაუბროთ, როგორც ვიცით, მაღალმთიან ხულოში მოღვაწეობთ. 

- დიახ, 2005 წლიდან ვმუშაობ ღურტის საჯარო სკოლაში. სპეციალობით ვარ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, გამოცდაც ისტ-ში ჩავაბარე და სკოლაშიც ისტ-ის ვასწავლი.

- მასწავლებლობა რამ გადაგაწყვეტინათ, თუ გყავდათ ისეთი მასწავლებელი, ვინც თქვენს პროფესიულ არჩევანზე უშუალო გავლენა მოახდინა?

- ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ არჩევანი მალევე შევცვალე, პედაგოგობა ავირჩიე. ეს გადაწყვეტილება ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, უსაყვარლესი თინა ძირკვაძის ზეგავლენით მივიღე. მისი პიროვნული თვისებები, საოცრად სათუთი ურთიერთობა ბავშვებთან, მისეული სიყვარული პატარებისა და დიდების მიმართ მოურჩენელი სენივით შემეყარა და დღეს პედაგოგი ვარ. ჩემთვის მასწავლებლობა უფრო მეტია, ვიდრე პროფესია. ვფიქრობ, სწორედ მასწავლებლობა იძლევა შესაძლებლობას მაქსიმალურად დაიხარჯო, მაქსიმალურად გაიღო სითბო, სიყვარული და უცილობელი სიკეთე - ცოდნა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა?

- საოცარ, ფერად სამყაროში ცხოვრებას. ფერადოვნებას ჩემი პატარები მიქმნიან. მათგან ისეთი სუფთა და დადებითი ენერგია მოდის, რომ მეც დადებითად ვიმუხტები. მათთან ერთად მიყვარს და მათსავით მიხარია. ჩემთვის საკლასო ოთახი არის სივრცე, სადაც თითოეული ბავშვი თავისი ფერებით, საკუთარ სამყაროს ქმნის.

- რაიმე გამორჩეული მეთოდი თუ გაქვთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას?

- ბავშვებს ვერ ასწავლი, თუ მათთან ურთიერთობის ეტაპი წარმატებით ვერ გადალახე. უნდა გიყვარდეს გულწრფელად და უპირობოდ. ვფიქრობ, ეს შევძელი, რადგან ისინი თავიანთ მეგობრად მიმიჩნევენ. მე მათ ემოციურად უსაფრთხო გარემოს ვუქმნი, არ აქვთ შეცდომის დაშვების შიში და ყოველთვის ცდილობენ ჩემი და საკუთარი მოლოდინები.
რაც შეეხება სწავლების რომელიმე მეთოდის პრიორიტეტულობას, ჩემი აზრით არასწორია, რადგან კონკრეტული მეთოდის პრიორიტეტულობა დამოკიდებულია კონკრეტული საკითხის ეფექტურად შესწავლაზე, ამდენად ყველა მეთოდი თავისებურად პრიორიტეტულია.

- რა გამოწვევების წინაშე დგანან თქვენს სკოლაში ბავშვები და პედაგოგები?

- სამწუხაროდ, ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. ეკომიგრაციის გამო ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ამჟამად მხოლოდ 85 მოსწავლე გვყავს. როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, გვახსენდება მხოლოდ ფორმალური განათლება, არავინ დაინტერესებულა მოსწავლის აზრით, რა სჭირდება მას და რა იქნება მისთვის მისაღები, რომ სკოლაში სიარული და სწავლა ვალდებულება კი არ იყოს, არამედ სიამოვნება. სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, პედაგოგების 95% სერთიფიცირებულია, მაგრამ მხოლოდ მასწავლებლის პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული ვერ გამოასწორებს მდგომარეობას, დღეს სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტერნეტი და კომპიუტერი, რაც ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

- როგორია საკუთარ შვილებთან, შვილიშვილებთან მასწავლებელი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თავის სფეროში... რამდენი შვილი გყავთ? რამდენი შვილიშვილი? აღზრდის რომელ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას - მკაცრი ხართ თუ ლოიალური?

- ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი, პირველი შვილი 17 წლის ასაკში შემეძინა, 20 წლისა კი ორი ვაჟიშვილის დედა ვიყავი. ფაქტობრივად, მე და ჩემი შვილები ერთად გავიზარდეთ. მკაცრი, წარბაწეული დედა არასდროს ვყოფილვარ. შვილებთან თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა მქონდა და დღემდე ასეა. ეს ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მცირე იყო, ყოველთვის ვენდობოდი და ვცდილობდი არ მეკონტროლებინა, მოკლედ, სრული თავისუფლება ჰქონდათ და ამან გაამართლა კიდეც.

შვილიშვილიც ორი მყავს: 5 წლის ნუცა და 3 წლის დაჩი. ნუციკოს დაბადება ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, ამ პატარა არსებამ საკუთარი თავიც კი დამავიწყა, ვხვდები ზედმეტად ვანებივრებ. მოკლედ ჩვეულებრივი ბებია ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბებია ვარ, ფუნქციები იგივე მაქვს, რაც ჩვენი თაობის ბებიებს ჰქონდათ...

 

- წარმატებულ კარიერას, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, როგორ უთავსებთ საოჯახო საქმეებს?

- მაღალმთიან სოფელში ცხოვრება ადვილი არ არის, აქ არსებობა მხოლოდ დიდი ძალისხმევითა და მძიმე ფიზიკური შრომით არის შესაძლებელი. თუმცა არჩევანის წინაშე - ოჯახი თუ კარიერა - არასდროს დავმდგარვარ, საბედნიეროდ, ორივეს გავართვი თავი, რადგან ორივე უსაზღვროდ მიყვარს. როცა გიყვარს, მოტივაციაც გაგაჩნია, მთავარი ეს არის. ჩემთვის არასდროს არაფერს შეუშლია ხელი, ვიზრუნო პროფესიულ განვითარებაზე და არამარტო საკუთარზე. შეუძლებელი არაფერია.

Moms.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი
წაიკითხეთ სრულად