Baby Bag

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

გახსოვთ, ალბათ, ​მისის სპარკსი​, რომელიც თავის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყების წინ გულთბილად ესალმება და ხალისით უშვებს საკლასო ოთახში. დღეს ქართველ მასწავლებელს, ნონა ჩუბინიძეს გაგაცნობთ, რომელმაც დაახლოებით ორი კვირაა, რაც სკოლაში მისალმების ახალი ტრადიცია დანერგა: 

„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეოებიდან გამიჩნდა იდეა, რომ მოსწავლეებს ორიგინალურად მივსალმებოდი. ორი კვირაა, რაც მათ კლასის კარებთან ვხვდები და სათითაოდ ვესალმები. ასე ხალისითა და სიყვარულით ვიწყებთ სასწავლო პროცესს. თავიდან კვირაში ერთი დღე მინდოდა ასე მივსალმებოდი. თუმცა ყოველდღე გარეთ მხვდებიან ერთ მწკრივად, ამიტომ ყოველდღე ასე ვესალმებით ერთმანეთს. ორ კლასს ვასწავლი და ორივეგან ასეა,“ - აღნიშნავს ნონა ჩუბინიძე Momsedu.ge-სთან საუბრისას.

როგორც ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, მისალმების მსგავსი მეთოდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის: 

„მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის ასე დაწყების შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც დადებითადაა დამუხტული, რაც გამორიცხავს გაკვეთილზე ქცევით პრობლემებს. გარდა ამისა, ხალისით ითვისებენ იმასაც, რასაც სწავლობენ. ასე დაწყების შემდეგ ერთი მამოტივირებელი აქტივობაღა სჭირდებათ გაკვეთილის მსვლელობისას, დიდხანს ინარჩუნებენ კონცენტრაციას,“ - ამბობს ნონა მასწავლებელი. 

იხილეთ მოსწავლეების პირველი რეაქცია მასწავლებლის მისალმების ახალ მეთოდზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებმა არ იციან, როგორ აღზარდონ შვილები, ადამიანის აღზრდა ძალიან რთულია,“ - ჟაკ ფრესკო

ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.

ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.

ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად