Baby Bag

მასტერკლასი მუსიკის მასწავლებლებისთვის

მასტერკლასი მუსიკის მასწავლებლებისთვის

2020 წლის აპრილსა და მაისში უკვე მეექვსედ ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი. მხარდამჭერ ორგანიზაციათა ჩამონათვალში ტრადიციულადაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან, ფონდ „ქართულ გალობასთან“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან და და სხვა ორგანიზაციებთან ერთად.

კონკურსთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 თებერვალს, 14:00 გაიმართება შეხვედრა მუსიკის მასწავლებლებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი, საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია. ამავე დღეს სენაკის სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა გუნდთან გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2020-02-21

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://tr.tpdc.ge/direction/32/33/191

შეიძლება დაინტერესდეთ

„​განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა, არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური“ - გიორგი გახარია

„​განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა, არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური“ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ​განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა. 

მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:

„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:

„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:

„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად