საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალ, 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.
კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური );
ქართული, როგორც მეორეენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
პროფესიული უნარები.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველთათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
აპლიკანტებმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ცნობა (ფორმა №100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9) ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდში აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.
ყველაფერი განათლების სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალ პროგრამაზე - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სურთ მასწავლებლობა. ამასთან, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, ნოემბრის გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული პროგრამა გაიარონ.
„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩასარიცხად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე Tpdc.ge, ჩააბაროთ ტესტი, რომელიც თქვენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეძლებთ, გახდეთ კურსის მსმენელი. ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.
მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ - პარასეკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
მასწავლებლები მომზადდებიან:
1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების 2. ბიოლოგია და ქიმიის 3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების 5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით. მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.
თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.
პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ, პარალელურად გადამზადდებიან დისტანციური სწავლების კურსით და კომპეტენციის დადასტურების შემდგომ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2 000-ზე მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს.