საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალ, 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.
კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური );
ქართული, როგორც მეორეენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
პროფესიული უნარები.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველთათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
აპლიკანტებმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ცნობა (ფორმა №100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9) ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდში აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.
გაეცანით ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი
საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა გაინტერესებთ?
გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ინფორმაციას:
➡️ ცხადდებით საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; ➡️ რეგისტრაციის გავლამდე აბარებთ ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში; ➡️სექტორში დაგირიგდებათ პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: კალამი, რუკა, მენდელეევის ტაბულა); ➡️ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი; ➡️ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს); ➡️ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა - მთელი საგამოცდო პროცესი იწერება; ➡️საგამოცდო დროის ამოწურვის, ან თქვენ მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც ადასტურებთ უწყისში ხელმოწერით. ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებთ ნამუშევარს, რითაც საგამოცდო პროცესი სრულდება; ➡️პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.